ახალი ამბები
“მედიახმამ“ 2022 წლის მედიაგარემოს შეფასება გამოაქვეყნა
არასამთავრობო ორგანიზაცია „მედიახმამ“ კვლევა “მედიაგარემო 2022: საფრთხეები და მხარდამჭერი მექანიზმები საქართველოში” მედიის, არასამთავრობო სექტორისა და აკადემიის წარმომადგენლებს წარუდგინა. შეხვედრა გახსნა ფრიდრიხ ნაუმანის ფონდი - თავისუფლებისთვის, სამხრეთ კავკასიის ოფისის ხელმძღვანელმა კატრინ ბანახმა. კვლევის შედეგები და რეკომენდაციები აუდიტორიას გააცნეს კვლევის ავტორებმა მარიამ გერსამიამ და მაია ტორაძემ.


ახალი კვლევა გამოკვეთს თუ რა გავლენას ახდენს პოლიტიკური პოლარიზება და კრიზისები მედიის სიცოცხლისუნარიანობაზე; რა ზეგავლენას ახდენს გლობალური და ლოკალური კრიზისები (მათ შორის, რუსეთის ომი უკრაინაში) მედიაგარემოზე; კვლევაში ყურადღება გამახვილებულია თუ რამდენად დაცულია ჟურნალისტების უსაფრთხოება საქართველოში, როგორ მიმდინარეობს ჟურნალისტების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების გამოძიება და რა კეთდება დაუსჯელობის დასასრულებლად.


მნიშვნელოვანია, თუ როგორ ახერხებს მედია ინსტიტუციური სიცოცხლისუნარიანობის შენარჩუნებას პოლიტიკური პოლარიზაციის კონტექსტში. ამ პროცესში შეფასებულია, თუ რა ხელისშემშლელი და მხარდამჭერი მექანიზმები არსებობს მედიაში სხვადასხვა აქტორის მხრიდან. კვლევა მოიცავს სოლიდარობის ჟურნალისტიკის, როგორც მხარდამჭერი მექანიზმის, შეფასებას.


კვლევის ერთ-ერთი მთავარი ასპექტი არის, რუსეთის მიერ უკრაინაში ომის დაწყებისა და ჰუმანიტარული კატასტროფის შედეგად, ქართულ მედიაგარემოში არსებული გამოწვევების შეფასება. ამ კუთხით, რუსული პროპაგანდის პირობებში, გაანალიზებულია დეზინფორმაციის გავლენისა და მისი შემცირების შესაძლო მექანიზმები. გამოკვეთილია ხელოვნური პოლარიზაციის, როგორც პროპაგანდის ხელშემწყობი მექანიზმის, პირდაპირი კავშირი რუსულ ჰიბრიდულ ომთან, რომელიც ჟურნალისტიკის, როგორც პროფესიის, სანდოობას მიზანმიმართულად აქრობს.

პრეზენტაციის შემდეგ გაიმართა დისკუსია.

კვლევაში ჩართული იყო 16 მედიასაშუალების 25 წარმომადგენელი.


კვლევა მომზადდა ფრიდრიხ ნაუმანის ფონდი თავისუფლებისთვის - სამხრეთ კავკასიის ბიუროს მხარდაჭერით.

კვლევის სრული ვერსია იხილეთ ბმულზე: http://bit.ly/3WGUoez


Print