ახალი ამბები
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ფრენები განახლდა
დავით აღმაშენებლის სახელობის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტმა ასაფრენ-დასაფრენი ზოლის გეგმური რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ რეისების მიღება განაახლა.

„ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ასაფრენ-დასაფრენი ზოლის რეაბილიტაცია დასრულდა. რეაბილიტაციის პროცესში მოხდა ასფალტობეტონის საფარის დაზიანებული ადგილების ფრეზირება. საფუძველზე, სადაც ყველაზე მეტად იყო ბეტონის ფილები დაზიანებული, მოხდა ფილის დემონტაჟი. ამავე ფართზე გამაგრდა საფუძველი ცემენტნარევი ქვიშა ღორღით. ასაფრენ-დასაფრენი ზოლის შუა ნაწილში ორ ფენად დაიგო 80მმ სისქის მსხვილმარცვლოვანი ასფალტობეტონის საფარი. ასევე, ასაფრენ-დასაფრენი ზოლის ცენტრალურ უბანზე წვრილმარცვლოვანი მოდიფიცირებული ასფალტობეტონის 50მმ სისქის საფარი გაკეთდა. დასრულდა ასაფრენ-დასაფრენი ზოლის მარკირება, რის შემდეგაც ფრენების მიღება შესაძლებელი გახდა.

რეაბილიტაციის პროექტის ბიუჯეტი 8 მლნ ლარი იყო, რომელიც ქუთაისის აეროპორტის ოპერატორმა კომპანია - საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ საკუთარი შემოსავლებიდან დაფარა. სარეაბილიტაციო სამუშაოები კომპანია „ბლექ სი გრუპმა“ განახორციელა. ქუთაისის აეროპორტის ასაფრენ-დასაფრენი ზოლის რეაბილიტაციის პერიოდში, 3 კვირის განმავლობაში, ფრენები თბილისის აეროპორტიდან სრულდებოდა“.


Print