ახალი ამბები
საპატრიარქო მედიისთვის რეგულაციებს აწესებს
საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ საპატრიარქოს სხვადასხვა ღონისძიების გასაშუქებლად, მედიისთვის შემოღებული იქნება რეგულაციები. მათ შორის იგულისხმება წინასწარი აკრედიტება, რიგ შემთხვევებში კი საპატრიარქო თავად გადაწყვეტს ღონისძიებაზე მედიის დასწრების საკითხს.

„მიღებულია გადაწყვეტილება, ვისარგებლოთ კანონიერი უფლებით მსგავსად სხვა უწყებებისა თუ ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლებისთვის დავაწესოთ ვითარების შესაბამისი რეგულაციები საპატრიარქოს კუთვნილ სივრცეებში, რაც ზოგ შემთხვევაში, განსაკუთრებით დიდ დღესასწაულებზე აკრედიტაციის წესის გამოყენებასაც გულისხმობს. როგორც მოგეხსენებათ, საკუთრების უფლება ანიჭებს საპატრიარქოს შესაძლებლობას, თავად განსაზღვროს მის ტერიტორიაზე ქცევის წესი, მითუმეტეს, თუ აღნიშნული წესი ეხება საკითხის მოწესრიგებას. საპატრიარქო საქართველოს კანონმდებლობის ფარგლებში მოქმედებს, რის საფუძველზეც წინასწარ აცნობს საზოგადოებას, მედიას ინფორმაციას ცალკეული რეგულაციების თაობაზე. თითოეული რეგულაცია მიმართული იქნება საღმრთო მსახურების სათანადო წესით ჩატარების უზრუნველსაყოფად. გარდა იმისა, რომ ტაძრის შინაგანაწესის დაცვით აუცილებელია ჟურნალისტმა დაიკავოს მედიისთვის გამოყოფილი ადგილი, ასეთის არსებობის შემთხვევაში, რიგ შემთხვევებში საპატრიარქო დაიტოვებს უფლებას გააკონტროლოს დასწრების საკითხი“,- აღნიშნავს დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე.




Print