ახალი ამბები
6 თვეში საქართველოში ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად 221 ადამიანი გარდაიცვალა
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2022 წლის იანვარ-ივნისში საქართველოში ავტოსაგზაო შემთხვევებს 221 ადამიანი ემსხვერპლა, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 17%-ით აღემატება.

6 თვეში სულ 2 572 ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. მათ შორის 92 სიმთვრალით იყო გამოწვეული. ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად 3 538 ადამიანი დაშავდა.

ამასთან, საქსტატის თანახმად, მიმდინარე წლის პირველ ორ კვარტალში საქართველოში 5 574 ხანძარი დაფიქსირდა. გარდაიცვალა 32 ადამიანი და ტრავმა მიიღო 98-მა მოქალაქემ. ხანძრის შედეგად 195 შენობა-ნაგებობა განადგურდა.

რაც შეეხება ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა და მოძალადეთა სტატისტიკას, მიმდინარე წლის პირველ ორ კვარტალში მოძალადეთა რაოდენობამ 3 735 ადამიანი შეადგინა. მათგან 3 152 კაცი, ხოლო 583 ქალი იყო. ექვსი თვის მონაცემებით, მსხვერპლი 4 002 ადამიანია. აქედან 3 345 ქალი და 657 კაცი. სტატისტიკური მონაცემები აჩვენებს, რომ ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა შორისაა 13 წელზე უმცროსი ასაკის 131 ბავშვი.

ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა თბილისში - 1 893 ადამიანი, შემდეგ მოდის ქვემო ქართლის რეგიონი - 430 ადამიანი და კახეთის რეგიონი - 414 ადამიანი.

საქსტატის თანახმად, იანვარ-ივნისის პერიოდში ტრეფიკინგის მუხლით 4 დანაშაულია ჩადენილი და აქედან ერთი საქმეა გახსნილი.
Print