ახალი ამბები
"რადგან მთავრობის სხდომა ტარდება, ე.ი. წააგეს (აქტივისტებმა)" - კობახიძე
რადგან მთავრობის სხდომა ტარდება, ე.ი. წააგეს, - ასე უპასუხა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტების შეკითხვას გადაიდო თუ არა მთავრობის სხდომა ადმინისტრაციასთან მიმდინარე აქციის გამო და რამდენად შეიძლება ეს აქტივისტების „გამარჯვებად“ ჩაითვალოს.

ირაკლი კობახიძის თქმით, არ ფლობს ინფორმაციას, თუ როდის უნდა ჩატარებულიყო მთავრობის სხდომა, მაგრამ საჭიროების შემთხვევაში განმარტებას მთავრობის ადმინისტრაცია გააკეთებს.

„არ ვიცი, საერთოდ ინფორმაცია არ მაქვს, როდის უნდა ყოფილიყო დაგეგმილი, თუ როდის უნდა ჩატარებულიყო სხდომა. ამაზე მთავრობა გააკეთებს განმარტებას. ტარდება 2 საათზე. რადგან მთავრობის სხდომა ტარდება, ე.ი. წააგეს“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

კობახიძის განცხადებით, გუშინ განვითარებულმა მოვლენებმა საბოლოოდ ცხადყო ის, რასაც საზოგადოებას თავიდანვე ვპირდებოდით: „ნაციონალურ მოძრაობას“ და მის სატელიტებს საქართველოში არეულობისა და რევოლუციის მოწყობის არავითარი რესურსი არა აქვთ.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, საზოგადოებამ დაინახა, რომ რადიკალური ოპოზიციისთვის ევროკავშირის კანდიდატობის თემა მხოლოდ მოგონილი შირმა იყო და სინამდვილეში, ისინი ამ თემის გამოყენებით საკუთარი ვიწროპოლიტიკური მიზნის მიღწევას - ხელისუფლების გადატრიალებასა და ძალაუფლების ხელახლა ხელში ჩაგდებას ცდილობდნენ.

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტმა გუშინ „წყენა გამოხატა იმის გამო, რომ რადიკალურ ოპოზიციას აქცია ჩაუვარდა“.

აღნიშნულით მან პრეზიდენტის გუშინდელი განცხადება შეაფასა, სადაც პრეზიდენტი აღნიშნავდა, რომ არც ხელისუფლების და არც ოპოზიციის გეგმას „ნამდვილ ეროვნულ თანხმობასთან“ კავშირი არ აქვს.

როგორც კობახიძე განმარტავს, პრეზიდენტს რადიკალური ოპოზიციის „წარუმატებლობა ეწყინა“.

პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, საკონსტიტუციო ცვლილებების მიღების ალბათობა დიდია, თუმცა, ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში მოხდება, თუ ოპოზიცია დეპოლარიზაციისკენ ნაბიჯებს გადადგამს.

როგორც კობახიძემ ბრიფინგზე დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა, სადაც პოლარიზაციის მაღალი ხარისხია, უმჯობესია ბარიერი მაღალი იყოს, სადაც არის პოლარიზაციის დაბალი ხარისხი, იქ შესაძლებელია საუბარი დაბალ ბარიერზე.



Print