"შინ ევროპისკენ" - დღეს თბილისში აქცია გაიმართება
რუსთაველის გამზირზე, საქართველოს
პარლამენტთან აქცია „შინ ევროპისკენ“ გაიმართება. აქცია
„სირცხვილიას“
და სხვა სამოქალაქო ორგანიზაციების
ორგანიზებით ტარდება.
აქციის ორგანიზატორების ინფორმაციით, 24 ივნისს, გამოცხადდება
მოთხოვნები საქართველოს დეოლიგარქიზაციის მიზნით და საზოგადოებას
სამოქმედო გეგმას გააცნობენ.
როგორც ორგანიზატორები აცხადებენ, 24 ივნისს საზოგადოება გაიცნობს
ადამიანების ფართო გაერთიანებას, რომელიც „საქართველოს შინ,
ევროპისკენ გაუძღვება“.
„რა დაპირებაც არ უნდა გასცეს ხელისუფლებამ, ჩვენ არ გვჯერა,
რომ სიტყვის ერთგული იქნება, რადგან წლებია, ერთგულებას მხოლოდ
ოლიგარქს უმტკიცებს. მათ დაარღვიეს ქართველი ხალხისთვის მიცემული
პირობა, როცა ჩააგდეს პროპორციული საარჩევნო სისტემის კანონპროექტი და
დაარღვიეს ევროპისთვის მიცემული პირობა, როცა საბოტაჟი მოუწყვეს
ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მონაწილეობით მიღებულ
შეთანხმებას. აქედან გამომდინარე, რეფორმების შესრულებაზე
პასუხისმგებლობა უნდა ავიღოთ ჩვენ, ქართველმა ხალხმა.
ეს პროცესი 20 ივნისის უპრეცედენტო აქციით დაიწყო, რომელიც ისტორიული
გამოდგა - გაიმიჯნა ბიძინა ივანიშვილისა და ქართველი ხალხის ნება,
რომელიც მსოფლიომ ნათლად იხილა. ამის მიუხედავად, თვითკმაყოფილების
საშუალება არ გვაქვს - საქართველოს ევროპული არჩევანი ქართველმა
ხალხმა უნდა დაიცვას“,- აღნიშნულია ორგანიზატორების
განცხადებაში.