ახალი ამბები
ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი: 4 მარტიდან ვართ ფაქტობრივი სანქციების პირობებში
მმართველი პარტიის, "ქართული ოცნების" დამფუძნებლისა და საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი ვიქტორ ყიფიანი ამბობს, რომ "ფაქტობრივი სანქციების პირობებში" მუშაობენ. ასე გამოეხმაურა ყიფიანი "იმედის" ეთერში ევროპარლამენტის რეზოლუციას საქართველოსთან დაკავშირებით, სადაც ივანიშვილის სანქცირებაზე იყო საუბარი.

"4 მარტიდან მოყოლებული, როდესაც ბატონ ბიძინა ივანიშვილს რეალური დაბრკოლება შეექმნა საკუთარ აქტივებზე წვდომისა და მათი განკარგვისა, ჩვენ ვმოქმედებთ, ვცხოვრობთ და ვოპერირებთ ფაქტობრივი სანქციების პირობებში. 24 თებერვალს იწყება ცნობილი მოვლენები და 4 მარტიდან ჩვენს საქმეში შემოდის ხელოვნური დაბრკოლებები. ერთ-ერთი ქვეყნის მარეგულირებელმა პირდაპირ თქვა: ეს ყოველივე გამოწვეულია აღმოსავლეთ ევროპაში მიმდინარე გეოპოლიტიკური პროცესებით. არის არის ის, რომ ჩვენ ვართ ფაქტობრივი სანქციების პირობებში... არაერთი იურიდიული და ფიზიკური პირის მიმართ ასეთი სანქციები გაცხადდა. ფაქტობრივად, ჩვენ და ბატონ ივანიშვილს უწევს საქმიანობა და ჭიდილი გამოუცხადებელი სანქციების პირობებში. ფორმაც არაკორექტულია, არაკლუტურული, ყოველგვარ დადგენილ სტანდარტებსა და კრიტერიუმებს მოკლებული", - თქვა ვიქტორ ყიფიანმა.

მანამდე, 6 მაისს ბიძინა ივანიშვილის დაქირავებულმა PR კომპანია Cision-მა განცხადება გაავრცელა, რომლითაც იუწყებოდა, რომ საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი სასამართლო დავას იწყებდა შვეიცარიული ბანკის - Credit Suisse-ის წინააღმდეგ. კერძოდ, მიზეზი ის იყო, რომ ამ შვეიცარიული ბანკის დაფუძნებულ Green Vals Trust-ში უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, 4 მარტს ოპერაციები შეფერხდა და ივანიშვილმა ფინანსური ზიანი მიიღო. მიზეზად დასახელებული იყო "გეოპოლიტიკური გარემო აღმოსავლეთ ევროპაში". "ქართული ოცნების" მოქმედმა თავმჯდომარემ ეს შეაფასა, როგორც უკრაინაში დაწყებულ ომში საქართველოს ჩართვის შესაძლო მცდელობა.



წყარო: რადიო თავისუფლება
Print