ახალი ამბები
ბიძინა ივანიშვილისა და მისი ნათესავების ბიზნესი რუსეთში
არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გაჭვირვალობა-საქართველომ“ ბიძინა ივანიშვილის და მისი ნათესავების რუსული ბიზნესის შესახებ კვლევა გამოაქვეყნა.

როგორც ანგარიშშია აღნიშნული, 2011 წელს პოლიტიკაში მოსვლისას ბიძინა ივანიშვილმა რუსეთში მის სახელზე პირდაპირ რიცხული აქტივები მართლაც გაყიდა, თუმცა, წინამდებარე კვლევით დადგინდა, რომ იგი 2012-2019 წლებში საკუთარი ოფშორული კომპანიების მეშვეობით მინიმუმ 10 რუსულ კომპანიას მაინც ფლობდა, რაც შვილობილი და დაკავშირებული კომპანიების კიდევ უფრო ფართო ქსელის ნაწილია.

დღეის მდგომარეობით კი, ბიძინა ივანიშვილს იგივე სქემით სულ მცირე 1 კომპანია აქვს რუსეთში – შპს „აკვა-სფეისი“ (ООО Аква-Спейс). ამით დგინდება, რომ მან, ფაქტობრივად, საზოგადოება შეცდომაში შეიყვანა.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ კვლევაზე დაყრდნობით გთავაზობთ, ინფორმაციას რუსეთში ბიძინა ივანიშვილის კომპანიების შესახებ:

ბიძინა ივანიშვილს ოფშორებში რეგისტრირებული კომპანიების საშუალებით დღესაც აქვს ბიზნესინტერესები რუსეთში. კერძოდ, მისი 3 ოფშორული კომპანია 2012-2019 წლებში, მათ შორის ივანიშვილის პრემიერ-მინისტრობის დროს, მინიმუმ 10 რუსულ კომპანიას ფლობდა; ამ ოფშორებიდან ერთ კომპანიას დღესაც აქვს აქტიური ბიზნესი როგორც რუსეთში, ისე საქართველოში.

შპს „აკვა-სფეისი“

დღეის მდგომარეობით, ბიძინა ივანიშვილი, მისი ოფშორული კომპანია „ვენითი ოუვერსიზ ლიმითედის“ (Vanity Overseas Limited) მეშვეობით რუსეთში ფლობს შპს „აკვა-სფეისს“ (ООО Аква-Спейс). შპს „აკვა-სფეისი“ Vanity Overseas Limited-მა 1997 წელს დააფუძნა და 2015 წლიდან 100%-იანი წილის მფლობელია. შპს „აკვა-სფეისი“ დღემდე აქტიურია და მისი საქმიანობის სფეროებს შორისაა: არასაცხოვრებელი შენობების ყიდვა-გაყიდვა, გაქირავება-მართვა, ასევე ინვესტიციები ფასიან ქაღალდებში, საწესდებო კაპიტალში, არასაცხოვრებელი უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვის ეტაპზე სხვადასხვა საშუამავლო მომსახურება და ა.შ.

2015 წლიდან კომპანიის გენერალური დირექტორია ოლგა ბოროვიკოვა (Боровикова Ольга Анатольевна), რომელიც ბიძინა ივანიშვილის მიერ რუსეთში მისი აქტივების სამართავად დაფუძნებული კომპანია „უნიკორის“ (Уникор) სამართალმემკვიდრის, შპს „დოლგოვოე აგენსტვოს" (ООО Долговое Агентство) დირექტორიცაა.

2013 წლის ივნისში, როდესაც ბიძინა ივანიშვილი პრემიერ-მინისტრი იყო, შპს „აკვა-სფეისს" რუსეთში ორი კომპანია შეერწყა: შპს „ენტერპრაიზის სერვისი" (ООО Энтерпрайзис Сервис) და შპს „პრესტიჟ მარკეტი" (ООО Престиж Маркет), ხოლო 2014 წელს კიდევ ერთი კომპანია – შპს „ტრანსფორმინგ ჯგუფი" (ООО Группа Трансформинг) შეუერთდა.

საინტერესოა, რომ Vanity Overseas Limited რუსეთის პარალელურად, საქართველოშიც ფლობს ანალოგიური საქმიანობისა და სახელწოდების კომპანია შპს „აკვა ცენტრს“, რომელიც 2010 წელს დაფუძნდა და რომლის დირექტორიც ბიძინა ივანიშვილის დისშვილი კახა კობიაშვილია. კახა კობიაშვილი ბიძინა ივანიშვილის საქართველოში მოქმედი ოფშორული კომპანიების ოფიციალური წარმომადგენელია.

შპს „სამრეწველო ალიანსი ტექგლობალი" (ООО ПА ТехГлобал) და მასთან გაერთიანებული 7 კომპანია

2015 წლამდე ოფშორული კომპანია „ველმინსტოუნ ეს.ეი.“ (Wellminstone S.A.)-ის გავლით ბიძინა ივანიშვილი ფლობდა რუსულ კომპანიას შპს „სამრეწველო ალიანსი ტექგლობალი" (ООО ПА ТехГлобал), რომელსაც 2014 წელს შეერწყა Wellminstone S.A.-ის კიდევ ერთი კომპანია შპს „რესურსფიუჩერსი" (ООО Ресурсфьючерс). ამ უკანასკნელს, თავის მხრივ, 2008 წლის 31 ივლისს შეერწყა Wellminstone S.A.-ის კიდევ 6 კომპანია: შპს „ტრანსფინანსაქტივი“ (ООО ТрастФинансАктив), შპს „ფასიანი ქაღალდების ბაზრის ფინანსურ-ანალიტიკური ჯგუფი“ (ООО ФГ ЦБ), შპს „მეტპრომ ჰოლდინგი“ (ООО МетПром Холдинг), შპს „ტელეკომქსელი“ (ООО Телекомсеть), შპს „სპეცპრომტრანსი“ (ООО СпецПромТранс), და შპს „სერვისტექალიანსი“ (ООО СервисТехАльянс).

„ველმინსტოუნ ეს.ეი.“ (Wellminstone S.A.)-თან ბიძინა ივანიშვილის კავშირს (ბენეფიციარული მესაკუთრეობა) ადასტურებს სინგაპურის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის გადაწყვეტილება. Wellminstone S.A.-ი რუსეთში 2000-იანი წლებიდან მოყოლებული არაერთი კომპანიის დამფუძნებელი და მეწილე იყო.

შპს „ფირმა ავეკი" (ООО Фирма АВЕК), შპს „ტერსი" (ООО ТЕРС), შპს „კმა-ჰოლდინგტრანსი" (ООО КМА-Холдингтранс), და შპს „მკ-ჰოლდინგი" (ООО МК-Холдинг)

ბიძინა ივანიშვილის კიდევ ერთი ოფშორული კომპანია „ვენიგენ მენეჯმენტ ლიმიტედი“ (Wenigen Management Limited) ასევე აქტიურად აარსებდა და ფლობდა კომპანიებს რუსეთში. ამ კომპანიის გავლით 2012-2019 წლებში ბიძინა ივანიშვილი პირდაპირ ფლობდა წილებს მინიმუმ 4 კომპანიაში: შპს „ფირმა ავეკი" (ООО Фирма АВЕК) – 2019 წლის ივნისამდე, შპს „ტერსი" (ООО ТЕРС) - 2015 წლის ნოემბრამდე, შპს „კმა-ჰოლდინგტრანსი" (ООО КМА-Холдингтранс) – 2015 წლის ივნისამდე, და შპს „მკ-ჰოლდინგი" (ООО МК-Холдинг) – 2013 წლის ნოემბრამდე. ამასთან, შპს „ტერსს“ (ООО ТЕРС), თავის მხრივ, 2010 წელს შეუერთდა კიდევ ერთი კომპანია შპს „ჟელეზორუდნი ჰოლდინგი“ (ООО Железорудный Холдинг), რომელსაც მანამდე ასევე ფლობდა აღნიშნული ოფშორი.

ზემოხსენებული კომპანიები დაკავშირებულია შვილობილი კომპანიების კიდევ უფრო ფართო ქსელთან, რომელიც სხვადასხვა ფორმით ისევ Wenigen Management Limited-ს უკავშირდება. ამ ეტაპზე მიმდინარეობს ამ კომპანიების შესწავლა.

ბიძინა ივანიშვილის ოჯახის წევრების ბიზნესინტერესები
კვლევის მიხედვით:

ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილს, უჩა მამაცაშვილს საერთო ბიზნესი აქვს სანქტ-პეტერბურგის ყოფილ გუბერნატორთან (2011-2018 წწ.) და სანქციების ქვეშ მყოფ გეორგი პოლტავჩენკოსთან;
უჩა მამაცაშვილის და ალექსანდრე ივანიშვილის საერთო ბიზნესი რუსეთის სახელმწიფო დუმის ყოფილ დეპუტატ (2016-2021 წწ.) ანნა კუვიჩკოსთან და ვოლგოგრადის ყოფილ მაღალჩინოსან როლანდ ხერიანოვთან.
ბიძინა ივანიშვილისა და მისი ნათესავების რუსული ბიზნესინტერესების შესწავლის შემდეგ "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოში" საქართველოს უსაფრთხოებასა და საგარეო კურსთან დაკავშირებით საფრთხეებზე საუბრობენ.

"სახელმწიფოს მიტაცების აშკარად გამოხატული ნიშნების ფონზე, როდესაც ქვეყნის არაფორმალურ მმართველს სერიოზული ბიზნეს-ინტერესები გააჩნია მტრულ სახელმწიფოში, ეს გარკვეულ საფრთხეს აჩენს ქვეყნის უსაფრთხოებასა და საგარეო კურსთან დაკავშირებით", - აცხადებენ ორგანიზაციაში.

Print