ახალი ამბები
დავით არახამია ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას მოითხოვს
მივმართავ ევროკავშირისა და აშშ-ს ხელმძღვანელობას, განიხილონ ივანიშვილზე და მის აქტივებზე დასავლეთში პერსონალური სანქციების დაწესება, – ამის შესახებ უკრაინის რადას ფრაქცია „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარე, უკრაინულ დელეგაციის მომლაპარაკებელი დავით არახამია „ტელეგრამ“ გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში წერს.

არახამია განცხადებაში აღნიშნავს, რომ „დღეს ივანიშვილი საქართველოს იანუკოვიჩი გახდა“ და „ის და მისი მეგობრები ატარებენ უკრაინის მიმართ პოლიტიკას, რომელსაც ქართველი ხალხი მხარს არ უჭერს“.

“უკრაინელები და ქართველები ყოველთვის იყვნენ და იქნებიან მოძმე ერები.

საქართველოს გამოჩენილმა მოღვაწეებმა ჩვენი მხარდაჭერის ვიდეო მიმართვა 24 თებერვლამდეც კი ჩაწერეს, მაშინ, როცა ბევრი ქართველი უკრაინისთვის ფრონტის ხაზზე იბრძოდა. ისინი უჭერენ მხარს უკრაინას და ჩვენს გამარჯვებას ომში.

მაგრამ, სამწუხაროდ, ამას საქართველოს ხელისუფლებაზე ვერ ვიტყვით.

მიზეზი კი მარტივია – ქვეყნის მთავარ ოლიგარქს, ბიძინა ივანიშვილს მჭიდრო კავშირები აქვს რუსულ პოლიტიკურ ელიტასთან, რაც კიდევ ერთხელ დადასტურდა ახლახანს გამოქვეყნებული აუდიოჩანაწერებით.

საქართველოს დღევანდელი ხელისუფლების პოლიტიკის არსი უბრალოდ კრემლის მითითებების შესრულებაა. ეს არის მათი რიტორიკის მიზეზი, რომ არ აღიარონ რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ ჩადენილი სამხედრო დანაშაულები და დაეხმარონ რუსეთს სანქციების გვერდის ავლაში.

დღეს ივანიშვილი საქართველოს იანუკოვიჩი გახდა. ის და მისი მეგობრები ატარებენ პოლიტიკას უკრაინის მიმართ, რომელსაც ქართველი ხალხი მხარს არ უჭერს. მათ სურთ ქართველებსა და უკრაინელებს შორის ათწლეულების განმავლობაში განხეთქილება ჩააგდონ. ამის თავიდან ასაცილებლად მივმართავ ევროკავშირისა და აშშ-ს ხელმძღვანელობას, განიხილონ ივანიშვილზე და მის აქტივებზე დასავლეთში პერსონალური სანქციების დაწესება. პასუხისმგებლობას არავინ უნდა გაექცეს – არც ოკუპანტები და არც ისინი, ვინც მათ ეხმარებიან”, – წერს არახამია განცხადებაში, რომელსაც საკუთარ „ტელეგრამ“ გვერდზე ავრცელებს.

შეგახსენებთ, ინტერნეტში აუდიოჩანაწერი ვრცელდება, რომელშიც სავარაუდოდ, ბიძინა ივანიშვილსა და რუს ოლიგარქ, ვლადიმერ ევტუშენკოვს საუბარია ასახული. ჩანაწერი, რომლის ავთენტურობა არ არის დადგენილი, მარტით თარიღდება.



Print