ახალი ამბები
ყოველი მეორე მოქალაქე ამბობს, რომ საქართველოში არ არის დემოკრატია - კვლევა
"ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის" (NDI) კვლევის მიხედვით, საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობისთვის დემოკრატიულ ქვეყანაში ცხოვრება მნიშვნელოვანია. ამ აზრს იზიარებს გამოკითხული მოსახლეობის უმრავლესობა - 92 პროცენტი. საზოგადოებრივი აზრის კვლევა 2021 წლის 7-დან 13 დეკემბრის ჩათვლით ჩატარდა.




იმის მიუხედავად, რომ დემოკრატია ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობისთვის მნიშვნელოვანია, ყოველი მეორე მოქალაქე ქვეყანაში ამ კურსს ვერ ხედავს.


კითხვაზე, არის თუ არა საქართველოში ამჟამად დემოკრატია, მოსახლეობის ნახევარი ამბობს, რომ "არა". ეს მაჩვენებელი 2020 წელთან შედარებით გაზრდილია, თუმცა 2019 წელთან შედარებით - შემცირებული.





"ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა" დემოკრატიასთან დაკავშირებით გამოკითხული მოსახლეობის პასუხები პარტიული მხარდაჭერის მიხედვით დაყო. აღმოჩნდა, რომ მმართველი პარტიის მხარდამჭერებისთვის საქართველოში დემოკრატიაა, დანარჩენი მოსახლეობა კი ამას არ იზიარებს.





NDI-ის კვლევის მიხედვით, მოსახლეობის უმრავლესობამ არ იცის ან არ დაასახელა ის პარტია, რომელიც მის შეხედულებებთან ყველაზე ახლოს დგას. ასეთი გამოკითხულთა 58 პროცენტი იყო. გამოკითხვის შედეგებით, ყველაზე კარგი მაჩვენებელი "ქართულ ოცნებას" აქვს. ყველაზე ახლო მდგომ პარტიად ის გამოკითხულთა 24-მა პროცენტმა დაასახელა. 2,5-ჯერ ნაკლები (9%) შედეგი აქვს ყველაზე დიდ ოპოზიციურ პარტია "ნაციონალურ მოძრაობას".

კვლევა 2021 წლის 7-13 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით 2,099 სატელეფონო ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის სრულწლოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). გამოკითხვის საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 1.4 პროცენტი. რესპონდენტები შემთხვევით ნომერზე დარეკვის მეთოდით შეირჩნენ. კვლევა NDI-ის დაკვეთით, კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრმა CRRC-საქართველომ ჩაატარა.




Print