ახალი ამბები
სამცხე-ჯავახეთში „ოცნების“ შემწირველების კომპანიები სახელმწიფო პროგრამებიდან სუბსიდიებს იღებენ
სამცხე-ჯავახეთში „ქართული ოცნების“ წევრებისა და შემწირველების, ასევე, მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების ოჯახის წევრების კომპანიები სახელმწიფო პროგრამიდან სუბსიდიებს და სახელმწიფო შესყიდვებს იღებენ.
2018-2020 წლებში, 17-მა ასეთმა სუბიექტმა, „აწარმოე საქართველოს” ფარგლებში, ჯამურად, დაახლოებით, 2 240 794 ლარი მიიღო, რაც პროგრამით რეგიონში დახარჯული თანხის მესამედია. მათ შორის 9 სუბიექტს, სხვადასხვა დროს სახელმწიფო შესყიდვებით 4 733 891 ლარი დაერიცხა, 7-მა კი „ქართულ ოცნებას“ ჯამურად 594 400 ლარი შეწირა.

"საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" კვლევაში ბორჯომიც მოხვდა.


„ოცნების“ შემწირველები


შპს „ბაკურიანი ინნ“-ს სასტუმროს განვითარებისთვის „აწარმოე საქართველოდან“ სუბსიდიის სახით, 2019 წლის იანვარში 354 635 ლარი დაერიცხა, 2020 წელს კი - 59 979 ევრო. ასევე, კოვიდ პანდემიის დაწყებისთანავე, 2020 წლის მარტიდან 2021 წლის მარტის ჩათვლით, მოქალაქეების საკარანტინე სივრცეში განთავსებისთვის, საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ სასტუმროს 7 პირდაპირი შესყიდვა გაუფორმა ჯამში 1 738 794 ლარზე. 2018 წლის ოქტომბერში კომპანიის 20% წილის მფლობელმა, პაატა კოკაიამ სალომე ზურაბიშვილს 55 000 ლარი შეწირა[1].
შპს „ჰოლიდეი ინ ბაკურიანმა“ სასტუმროს განვითარებისთვის, 2019 წლის მაისში 291 835 ლარი, 2020 წელს კი - 28 090 ევრო მიიღო. კომპანიის მფლობელმა მიხეილ ჯანჯალიამ 2016 წლის ოქტომბერში „ქართულ ოცნებას“ 60 000 ლარი შეწირა.

შპს „საფირმა“, სასტუმროსთვის 2018 წლის ივნისსა და ნოემბერში, ორჯერ, სულ 50 027 ლარი მიიღო, 2020 წელს კი - 35 424 ევრო დაერიცხა. კომპანიის მფლობელმა და დირექტორმა გიორგი ტალახაძემ 2017 წელს „ქართულ ოცნებას“ 40 000 ლარი შეწირა.




ყოფილი თანამდებობის პირები და მათთან დაკავშირებული კომპანიები


შპს „გი ენ ენ ი-ს“ 2020 წელს „აწარმოე საქართველოდან“ სასტუმროსთვის 19 279 დოლარი დაერიცხა. მისი 50% წილის მფლობელი ნანული იმედაშვილი, ბორჯომის მუნიციპალური ააიპ „სოციალურად დაუცველი მოსახლეობის მომსახურების ცენტრის“ დირექტორის, ვაჟა გელაშვილის მეუღლეა. ვაჟა გელაშვილს ეს პოზიცია 2008 წლიდან უკავია. მისი მეუღლის სასტუმროსთან ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიამ 2014-2017 წლებში 18 580 ლარის ჯამური ღირებულების 5 პირდაპირი შესყიდვა გააფორმა. ვაჟა გელაშვილის მეუღლე 50% წილს ფლობს ბაკურიანში მდებარე კიდევ ერთ სასტუმროში, შპს „ნეოლგრანდიში“, რომელსაც 2020 წელს, საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ კოვიდ პანდემიის გამო მოქალაქეების საკარანტინე სივრცეში განთავსებისთვის 10 პირდაპირი შესყიდვა გაუფორმა, ჯამში 909 000 ლარზე.

რევაზ მუმლაძემ 2020 წელს სასტუმროს განვითარებისთვის, „აწარმოე საქართველოდან“ 31 503 დოლარი მიიღო. ამავე წელს, მის სასტუმრო „თრეველ თაუნთან“ (100% წილს რევაზ მუმლაძე ფლობს), საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ კოვიდ პანდემიის გამო მოქალაქეების საკარანტინე სივრცეში განთავსების მიზნით, 7 პირდაპირი შესყიდვა, ჯამში 237 534 ლარზე გააფორმა. რევაზ მუმლაძე ბაკურიანში, ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციის დაცვის უფროსი იყო. იგი 2012 წლის თებერვალში ბაკურიანში მიწის უკანონოდ დასაკუთრების ბრალდებით დააკავეს, 2013 წლის 13 იანვარს კი სასჯელაღსრულების დაწესებულება პოლიტპატიმრის სტატუსით დატოვა და 29 იანვარს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსად დაინიშნა, სადაც 2013 წლის დეკემბრამდე მუშაობდა.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს” შეფასებით, „ქართული ოცნების“ შემწირველებისა და თანამდებობის პირებთან დაკავშირებული კომპანიების ჩართულობა როგორც სახელმწიფო სუბსიდირების პროგრამებში, ასევე სახელმწიფო შესყიდვებში აჩენს ეჭვებს პროცესის კანონიერებასთან დაკავშირებით. მოვუწოდებთ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულ სააგენტოს, შეისწავლოს თითოეული ფაქტი და დაადგინოს, შეიცავს თუ არა კორუფციის შესაძლო ნიშნებს.


Print