ახალი ამბები
თბილისის საქალაქო სასამართლოსთან საავტომობილო გზა გადაკეტეს
საქალაქო სასამართლოსთან სამოქალაქო აქტივისტებმა და „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერებმა საავტომობილო გზა გადაკეტეს. შეზღუდულია ავტომობილების გადაადგილება, რის გამოც მძღოლების ნაწილი უკმაყოფილებას გამოთქვამს.

29 ნოემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოში გრძელდება 2007 წლის 7 ნოემბრის საპროტესტო აქციის ძალით დაშლის და ტელეკომპანია „იმედში“ სპეცრაზმის შეჭრის საქმის განხილვა. სხდომას პირველად დაესწრება ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი.

სასამართლოსთან პოლიციის მობილიზებაა. რამდენიმე წუთის წინ პოლიციასა და მოქალაქეებს შორის მცირე დაპირისპირებაც მოხდა.


ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დაკავების, ანუ 1 ოქტომბრის შემდეგ, თბილისის საქალაქო სასამართლოში სამჯერ გაიმართა სხდომები მის წინააღმდეგ აღძრულ სისხლის სამართლის საქმეებზე - 2007 წლის 7 ნოემბრის, საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის და საზღვრის უკანონოდ კვეთის საქმეებზე. სამივე შემთხვევაში სააკაშვილი, რომელსაც 1 ოქტომბრიდან შიმშილობა ჰქონდა გამოცხადებული, სხდომებზე დასწრების სურვილს გამოთქვამდა, თუმცა, სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა სასამართლოში მის მიყვანაზე უარი თქვა და მიზეზად დაასახელა ესკორტირებისას შესაძლო საფრთხე და „დამატებითი რისკი ჯანმრთელობისთვის“.

მიხეილ სააკაშვილმა შიმშილობა მას შემდეგ შეწყვიტა, რაც 19 ნოემბერს, იუსტიციის სამინისტრომ გამოაცხადა გლდანის მე-18 სამკურნალო დაწესებულებიდან გორის სამხედრო ჰოსპიტალში მისი გადაყვანის გადაწყვეტილება.


Print