ახალი ამბები
სასამართლოში შეწყდა მიხეილ სააკაშვილის საქმის განხილვა - მოსამართლემ უარი თქვა დარბაზში ადვოკატების შეშვებაზე
მიხეილ სააკაშვილის ადვოკატებმა ბექა ბასილაიამ და შოთა თუთბერიძემ პროტესტის ნიშნად სასამართლო სხდომა დატოვეს. ისინი სააკაშვილის სხვა ადვოკატების, დიმიტრი საძაგლიშვილისა და ნიკა გვარამიას სხდომაზე დასწრებას ითხოვდნენ, რაზეც სასამართლომ უარი განუცხადა."სასამართლომ დღეს დაადასტურა, რომ საქართველოში სასამართლო არ არსებობს. სასამართლომ თქვა, რომ არ აქვს მნიშვნელობა, რა მიზეზით, მთავარია მიხეილ სააკაშვილი არ იყოს სასამართლო დარბაზში. დღეს სასამართლომ თქვა, რომ სუს-ის მონაჭორზე, ცხვარიაშვილის გამონაგონზე დაყრდნობით პროცესებს წარმართავს მიხეილ სააკაშვილის გარეშე. მე მინდა მივმართო ქართულ საზოგადოებას: მთელი 9 წელი ჩვენ გვკვებავდნენ მითით, რომ მიხეილ სააკაშვილს აგებინებდნენ პასუხს, გვკვებავდნენ მითით, როგორი საშიში დამნაშავე იყო მიხეილ სააკაშვილი და დღეს ვხედავთ შეშინებულ ხელისუფლებას, რომელსაც არ შეუძლია მიხეილ სააკაშვილის სასამართლოში გასამართლება. ჩვენ ვხედავთ ხელისუფლებას, რომელსაც აკანკალებს მიხეილ სააკაშვილის საზოგადოების წინაშე გამოჩენა. ჩვენ ვხედავთ სასამართლო სისტემა როგორ არის მოშლილი და რეაგირებენ მხოლოდ და მხოლოდ პიროვნულ, სრულიად უმნიშვნელო საკითხებზე, მაგრამ გლობალურ საკითხებზე, კანონდარღვევის საკითხებზე, ადამიანის უფლებების ფეხქვეშ გათელვის საკითხებზე მათ არანაირი რეაქცია არ აქვთ", - თქვა ბექა ბასილაიამ სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ.

ბექა ბასილაია ფიქრობს, რომ სააკაშვილს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით, შეიძლება მომდევნო სხდომებზე დასწრება აღარ შეეძლოს. მან დღევანდელ სხდომაზე მოითხოვა მოსამართლეების აცილება, რაზეც უარი მიიღო.

Print