ახალი ამბები
"აი დი ეს ბორჯომი საქართველოს" გენერალურ დირექტორად, ივანე მაჭავარიანი დაინიშნა
დღეს, 10 ივნისს "აი დი ეს ბორჯომი საქართველოს" გენერალურ დირექტორად, ყოფილი ფინანსთა მინისტრი, ივანე მაჭავარიანი დაინიშნა.
„კომპანია აი დი ეს ბორჯომი საქართველოს გენერალური დირექტორის თანამდებობაზე ივანე მაჭავარიანი დაინიშნა. საკადრო ცვლილება, კომპანიის ტრანსფორმაციის პროექტის ფარგლებში, სტრუქტურული გარდაქმნის და განვითარების ახალ ეტაპზე გადასვლას უკავშირდება“,– ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

ივანე მაჭავარიანი 2018 წლის 12 ივლისიდან 2021 წლის 31 მარტამდე, საქართველოს ფინანსთა მინისტრის, ხოლო 2021 წლის 25 თებერვლიდან, ვიცე–პრემიერის თანამდებობას იკავებდა.

მიმდინარე წლის 18 მაისს კომპანია "აი დი ეს ბორჯომი საქართველოს" 350–მდე თანამშრთომელი გაიფიცა. ისინი ხელფასის მომატებას და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვდნენ. ცხრა დღიანი პროტესტის შემდეგ კომპანიასა და თანამშრომლებს შორის შეთანხმება შედგა, მათი მოთხოვნების დიდი ნაწილი კომპანიამ დააკმაყოფილა.
აქციების პარალელურად, ბორჯომის N1 და N2 ჩამომსხმელი ქარხნის დირექტორად მერაბ ახმეტელი დაინიშნა. "აი დი ეს ბორჯომი საქართველოში" მაშინ განმარტეს, რომ საკადრო ცვლილება თანამშრომლების გაფიცვას არ უკავშირდებოდა.

Print