ახალი ამბები
ქარხნის თანამშრომლები პროტესტს არ წყვეტენ - კომპანიაში კი ოპტიმალური გადაწყვეტილების იმედი აქვთ
დღეს დილიდან ხმაური იყო ბორჯომის #1 ჩამომსხმელი ქარხნის მიმდებარე ტერიტორიაზე. თანამშრომლებმა მუშაობა აღარ გააგრძელეს და გასაპროტესტებლად გარეთ გამოვიდნენ. დასაქმებულები სამუშაო პირობების გაუმჯობესებას და ხელფასის მატებას ითხოვენ.

საპროტესტო აქცია პროფესიული კავშირების გაერთიანების მიერ არის ორგანიზებული. როგორც აქციის მონაწილეები ამბობენ, დამსაქმებელთან კომუნიკაცია არაერთხელ ჰქონდათ. მიიღეს დაპირებებიც, თუმცა მათი მოთხოვნები ამ დრომდე არ შესრულებულა. ისინი ანაზღაურების მომატებას ელიან. ქარხნის თანამშრომლები პროტესტს არ წყვეტენ კარვები გაშალეს და ღამე ქუჩაში დარჩენას აპირებენ. მათი თქმით, იქამდე არ დაიშლებიან, სანამ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება.

დღის ბოლოს, კომპანია IDS ბორჯომი საქართველომ განცხადება გაავრცელა, სადაც გაფიცულ თანამშრომლებს მიმართავს, მოუწოდებს პასუხისმგებლობისკენ და მოლაპარაკებისაკენ, როგორც ჩვენთვის ცნობილი გახდა, მოლაპარაკებები კომპანიასა და გაფიცულ თანამშრომლებს შორის დღესვე გაიმართება.

კომპანია IDS ბორჯომი საქართველომ, თავისი პოზიცია წერილობით გამოაქვეყნა, ისინი იმედოვნებენ, რომ მოლაპარაკებების გზით მიიღებენ ყველასთვის ოპტიმალურ გადაწყვეტილებას.


Print