ახალი ამბები
ბორჯომელი ახალგაზრდები, რომლებიც მდინარეში ჩავარდნილი ადამიანის დახმარებას ცდილობდნენ
ბორჯომში მცხოვრები გიორგი ბალახაძე პირველია, ვინც მდინარეში ჩავარდნილი ადამიანის შველას ცდილობდა. შემთხვევა 7 აპრილს, დღის პირველ ნახევარში მოხდა. სილამაზის ხიდის მიმდებარე ტერიტორიიდან, 35 წლამდე კაცი მდინარე მტკვარში სავარაუდოდ გამიზნულად გადახტა. ამბავი მალევე გავრცელდა ხალხში. გიორგი ბალახაძე ამ დროს, საკუთარ მცირეწლოვან შვილს ასეირნებდა ქალაქის ცენტრში. ხალხმრავლობა და ხმაური მისთვის შეუმჩნეველი არ დარჩა. როდესაც შეიტყო, რომ მდინარეში ახალგაზრდა კაცი გადახტა, მაშინვე მის საშველად გაიწია. შვილი მისახედად იქვე მეგობარს ჩააბარა, თვითონ კი ხიდიდან გადახტა. მომხდარის შესახებ, ტელეკომპანია „ბორჯომი“ გიორგი ბალახაძეს დაუკავშირდა, თუმცა, საკუთარი გმირობის საჯაროდ მოყოლა არ ისურვა. შემთხვევის დეტალების გახსენება ამის შემდეგ, გიორგის ნათესავს ვთხოვეთ.

„ორი წლის შვილი ჰყავს და როდესაც შეიტყო გიორგიმ მომხდარის შესახებ, ბავშვი იქვე დაუტოვა მეგობარს. თვითონ ხიდიდან გადახტა და მტკვარში ცდილობდა მის დაჭერას, რომ დინებას არ გაეტაცა მოქალაქე. წყალი ძალიან ცივი ყოფილა. მაშველები ცდილობდნენ, მტკვარში მყოფი ორივე ახალგაზრდა ამოეყვანათ, თუმცა თ. ტ. იმდენად დამძიმდა, რომ გიორგის გაუჭირდა მისი ხელით დაჭერა და თვითონაც ვეღარ ახერხებდა მოჭიდებას. მაშველებმა გიორგი ბალახაძე მდინარიდან ამოიყვანეს. 35 წლამდე კაცი კი წყლის დინებამ გაიტაცა“ - მომხდარის დეტალებს ყვება გიორგის დეიდა, ტატიანა მარტინენკო.

წყლიდან ამოყვანის შემდეგ, გიორგის ექიმების დახმარება დასჭირდა. სასწრაფო სამედიცინო სამსახურის მიერ გადაიყვანეს ბორჯომის სამედიცინო ცენტრში. მალევე მისი მდგომარეობა დასტაბილურდა და საბედნიეროდ, მის ჯანმრთელობას საფრთხე არ შეექმნა.

სანამ გიორგის საავადმყოფოში გადაიყვანდნენ, მდინარეში დარჩენილი ადამიანის დასახმარებლად მეორე ახალგაზრდა გაეშურა. ვასილ მელიქიძეც ბორჯომელია. სწორედ მან და კიდევ ერთმა ადგილობრივმა, მაშველების დახმარებით შეძლეს თ.ტ.-ს წყლიდან ამოყვანა.

ვიდეო ინტერვიუს ჩაწერა და საგმირო საქციელის საჯაროდ მოყოლა არც მან ისურვა, თუმცა სატელეფონო საუბრისას, მომხდარის დეტალების გახსენება ვთხოვეთ. ვასილი გვიყვება, რომ ჯერ კიდევ სამსახურში იმყოფებოდა, როდესაც გარეთ ხმაურმა გამოიყვანა. საკუთარი თვალით დაინახა, როგორ გადახტა გიორგი ბალახაძე მდინარეში, რომელთან ერთადაც, მანამდე ამბის გასარკვევად მირბოდა შეკრებილ ხალხთან. როდესაც შენიშნა, რომ გიორგის მცდელობის მიუხედავად, წყალში მყოფი ახალგაზრდა კვლავ წყლის დინებამ გაიტაცა, გიორგის კი მდინარიდან ამოსვლაში მაშველები ეხმარებოდნენ, მაშინვე გადაწყვიტა მანქანით დახვედროდა შემდეგ ხიდამდე, სადაც მის შველას თავად შეეცდებოდა.

„მაშინვე, სამანქანო გზაზე გამოვვარდი და დავიწყე მანქანების გაჩერება. ამ დროს, ჩემმა ერთმა მეგობარმა გამოიარა ავტომობილით და მე და ერთ-ერთი მაშველი ჩავსხედით. ჩარხისწყლის ხიდთან გავჩერდით, სადაც მანიშნებლებით მივხვდით, რომ წყლის ტალღებს მოყავდა ეს პიროვნება. როდესაც ვხედავდი რომ მდინარეში ადამიანს შველა სჭირდებოდა და მე არაფერი გამეკეთებინა, საკუთარ თავს ამ საქციელს ვერასდროს ვაპატიებდი, იმ დროს, ჩემ თავზე არ მიფიქრია. ჩემთან ერთად იყო კიდევ ერთი ახალგაზრდა და ერთად შევედით წყალში ამ კაცის დასახმარებლად, ჩვენთან იყო მაშველიც. ერთობლივად შევძელით მისი წყლიდან გამოყვანა. შემდეგ, ჩავუტარეთ პირველადი დახმარება. სამწუხაროდ, მისი გადარჩენა ვეღარ მოხერხდა. ბედნიერი მაშინ ვიქნებოდი, როცა ჩემი, გიორგის და მაშველების მცდელობას შედეგი ექნებოდა და სიცოცხლის გადარჩენას შევძლებდით“ - ამბობს ჩვენთან საუბრისას ვასილ მელიქიძე.

ვასილ მელიქიძე ასევე იმასაც ამბობს, რომ საკმაოდ რთული და საპასუხისმგებლოა, იყო მაშველი. ამ პროფესიის ადამიანების მიმართ ის პატივისცემას გამოთქვამს.

„იმდენად რთულია იყო მაშველი და ცდილობდე სხვისი სიცოცხლის გადარჩენას მაშინ, როდესაც საკუთარზე აღარ ფიქრობ, ეს საკმაოდ დასაფასებელია. აქამდეც ვიცოდი, როგორი საპასუხისმგებლო იყო ეს პროფესია, თუმცა ამ ფაქტის შემდეგ, კიდევ უფრო დავრწმუნდი, რომ ნამდვილად გმირები არიან ეს ადამიანები და მინდა გამოვთქვა ჩემი უდიდესი პატივისცემა მათ მიმართ“ - ამბობს ვასილ მელიქიძე.

მაშველის პროფესია რომ დიდ გამბედაობას და გმირობას მოითხოვს, ამაში ორი აზრი არ არსებობს. თუმცა, როდესაც რიგითი ადამიანები ცდილობენ სრულიად უცხო პიროვნების დახმარებას, მაშინ როცა, არც სამსახური და არც არავინ, მათ არ ავალდებულებს და რისკავენ საკუთარი სიცოცხლის ფასად, ეს რა თქმა უნდა, ორმაგი გმირობაა!


ამავე თემაზე:

ბორჯომში სილამაზის ხიდიდან ახალგაზრდა კაცი გადახტა;

ბორჯომელი კაცი რომელიც მდინარეში გადახტა, გარდაიცვალა.
Print