ახალი ამბები
პარლამენტმა ახალ მთავრობას ნდობა დღეს უნდა გამოუცხადოს
პრემიერობის კანდიდატის და მინისტრთა კაბინეტისთვის ნდობის გამოცხადების გადაწყვეტილებას საქართველოს პარლამენტი დღეს, 22 თებერვალს მიიღებს. გუშინ კი გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე დეპუტატებმა კითხვები დაუსვეს კანდიდატებს.

ახალი პრემიერ-მინისტრის დანიშვნა და მინისტრთა კაბინეტის დაკომპლექტება დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც გიორგი გახარიამ 18 თებერვლის დილას თქვა, რომ დაკავებულ თანამდებობას ტოვებდა გუნდში აზრთა სხვადასხვაობის გამო, რაც ნიკა მელიას დაპატიმრებაზე მსჯელობისას გამოიკვეთა. იმავე დღეს მან "ქართული ოცნების" პოლიტსაბჭო და თავად პარტია დატოვა, მმართველმა გუნდმა კი პრემიერობის კანდიდატად მოქმედი თავდაცვის მინისტრი და ყოფილი პრემიერი, ირაკლი ღარიბაშვილი დაასახელა.

ირაკლი ღარიბაშვილმა 19 თებერვალს თავისი სამთავრობო შემადგენლობა გააცნო საზოგადოებას - ახალ მინისტრთა კაბინეტში ფაქტობრივად ყველა მოქმედი მინისტრი ხვდება, მთავრობას ტოვებს მხოლოდ ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი და ირაკლი ღარიბაშვილს თავდაცვის მინისტრის პოსტზე მისი მოადგილე, ჯუანშერ ბურჭულაძე ცვლის. ყოფილი მოადგილე დაიკავებს მთავრობის ამ სახით დამტკიცების შემთხვევაში მაია ცქიტიშვილის ადგილს - რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პოსტზე ირაკლი ქარსელაძეა დასახელებული.
Print