ახალი ამბები
"თქვენი მასალის შემდეგ გაორმაგდა ადამიანების აქტივობა" - თამთა დაუნჯიშვილი
ალბათ გახსოვთ, გასულ კვირას გიყვებოდით ბორჯომში "სიკეთის ვირუსის" შესახებ. გაგაცანით ის ადამიანები, რომლებიც სხვადასხვა ფორმით ცდილობდნენ, საკუთარ ქალაქში შეჭირვებული ოჯახების დახმარებას. მულტიმედია მასალა, ტელეკომპანია "ბორჯომის" ვებ-გვერდსა და ფეისბუქის გვერდზე, 29 იანვარს გამოქვეყნდა. მას შემდეგ, სოციალურ ქსელში, მომხმარებლების მხრიდან მასალას დიდი გამოხმაურება მოჰყვა. მასალას 8000-ზე მეტი მომხმარებელი გაეცნო, გააზიარეს და მოიწონეს პუბლიკაცია. გამოჩნდნენ, დახმარების მსურველი სხვა ადამიანებიც.




უფასო პურის აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი, თამთა დაუნჯიშვილი ამბობს, რომ მასალის გამოქვეყნების შემდეგ, ორჯერ გაიზარდა ადამიანების აქტივობა. მისი თქმით, ბევრმა გამოთქვა სურვილი, ჩართულიყო საქველმოქმედო აქციაში და შეეტანა საკუთარი წვლილი შეჭირვებული ადამიანების დასახმარებლად. გაორმაგდა, საბანკო ანგარიშზე ჩარიცხული თანხის რაოდენობა და ასევე, გაიზარდა იმ მაღაზიის ცნობადობა, სადაც ე.წ. "ჯადოსნური თაროა" მოწყობილი და შეჭირვებულ ადამიანებს ამ თაროდან პური, ყოველდღიურად შეუძლიათ უფასოდ აიღონ.



"თქვენი მასალის შემდეგ, ორჯერ გაიზარდა ადამიანების აქტივობა, ეს უზომოდ მახარებს!...ძალიან ბევრი უცხო ადამიანი შეგვეხმიანა იმ სურვილით, რომ სხვისი ცხოვრება შეცვალოს უკეთესობისკენ და გავერთიანდეთ იმისათვის, რომ უფრო მეტი "ჯადოსნური თარო" გაჩნდეს ბორჯომში და არა მარტო ჩვენ ქალაქში" - ამბობს თამთა დაუნჯიშვილი.

დიახ! თქვენ მიერ ჩარიცხული თანხით, ორგანიზატორები ყიდულობენ პურს და შეჭირვებული ადამიანებისთვის, "ჯადოსნურ თაროზე" ტოვებენ. ნებისმიერ მსურველს შეუძლია, ბორჯომში, მაღაზია "ციცინათელაში" პურის ან რაიმე პროდუქტის შეძენის შემთხვევაში, სწორედ ამ თაროზე დატოვოთ შენაძენი და ავტომატურად გახდეთ ქველმოქმედების მონაწილე.


მულტიმედია მასალა ვრცლად ნახეთ:

"სიკეთის ვირუსი" ბორჯომში
Print