ახალი ამბები
ღამის საათებში გადაადგილებაზე შეზღუდვა ძალაში რჩება
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, ვიცე-პრემიერის, მაია ცქიტიშვილის განცხადებით, 21:00 საათიდან 05:00 საათამდე მოქალაქეების გადაადგილების შეზღუდვა, რეგულაციების შემსუბუქების პარალელურად, ძალაში რჩება.
როგორც მან მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, ძალაში რჩება ასევე შეზღუდვა შაბათ-კვირას, აღდგენილი სერვისების მუშაობის შეწყვეტასთან დაკავშირებითაც.

„ღამის საათებში გადაადგილების შეზღუდვის, ისევე როგორც ნებისმიერი სხვა შეზღუდვის მიზანი, არის კორონავირუსის გავრცელების ტემპის შენელება. უკვე ერთი წელია, ვცხოვრობთ ამ ვირუსთან ერთად და ყველამ იცის, რომ ძალიან მნიშვნელოვანია მობილობის კონტროლი და ისეთი ტიპის აქტივობის არდაშვება, რომელიც პირდაპირ უკავშირდება ვირუსის გავრცელებას. ყველასათვის ცნობილია, რომ სწორედ 21:00 საათის შემდეგ ხდება ხოლმე ოჯახებს შორის შეკრებები და ასეთი ტიპის სოციალური ინტერაქცია, რომელიც, როგორც წესი, პირბადის გარეშე მიმდინარეობს. ასეთი ტიპის შეზღუდვები, და ბევრად უფრო მკაცრიც, მოქმედებს სხვა ქვეყნებშიც. ევროპის ბევრ ქვეყანაში გადაადგილების შეზღუდვა მთელი დღის განმავლობაში მოქმედებს. ამიტომ, მოვუწოდებ მოქალაქეებს, გავუფრთხილდეთ არა მხოლოდ საკუთარ და სხვების ჯანმრთელობას, არამედ ქვეყნის ეკონომიკასაც, ვინაიდან ეპიდვითარების გაუარესების შემთხვევაში, შეზღუდვების გამკაცრება იქნება აუცილებელი“, - განაცხადა ცქიტიშვილმა.



Print