ახალი ამბები
ახალქალაქში აქციის მონაწილეები მერს ხვდებიან
ახალქალაქში, რუსეთთან და სომხეთთან საზღვრის გახსნის მოთხოვნით შეკრებილი მოსახლეობა მუნიციპალიტეტის მერს ხვდება. შეხვედრას 50-მდე ადამიანი ესწრება.
ადგილობრივების თქმით, უჭირთ ბანკის ვალების გადახდა, სოფელში მოყვანილ პროდუქტს ფასი არ აქვს და ითხოვენ საზღვრების გახსნას. მოსახლეობა, თანახმაა გაიაროს ორკვირიანი კარანტინი საზღვრის კვეთის დროს და გაითვალისწინოს რეკომენდაციები.

ქალაქის მერმა იურიკ უნანიანმა შეკრებილებს განუმარტა, რომ საზღვრების გახსნა მათ კომპეტენციაში არ შედის. მისი თქმით, ეს არის მთავრობის გადაწყვეტილება და ამის შესახებ კონკრეტულ დაპირებას თავად ვერ გასცემს. ერთადერთი, რასაც ქალაქის მერი აქციის მონაწილეებს დაპირდა, ცენტრალურ ხელისუფლებასთან შუამდგომლობა და მათი მოთხოვნების შესახებ ინფორმაციის მიწოდებაა.

აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ იმ შემთხვევაში თუ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება, ერთ კვირაში მერიის შენობის წინ ისევ გამართავენ აქციას.


Print