ახალი ამბები
მთავრობა ახალი სამინისტროს შექმნას განიხილავს
საქართველოს მთავრობა დღევანდელ სხდომაზე განიხილავს კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის სამინისტროს შექმნის საკითხს. მინისტრთა კაბინეტის სხდომის დღის წესრიგშია კანონპროექტი "საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ კანონში" ცვლილების შეტანის შესახებ.

მთავრობის სხდომის დაწყებამდე პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ თქვა, რომ ყველა ტექნიკური სამუშაო დასრულებულია და მომზადებულია მთავრობის დადგენილება, რომლის თანახმად, განათლების სამინისტროსგან უნდა გამოიყოს კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის სამინისტრო:

„ეს არის უაღრესად მნიშვნელოვანი ნაბიჯი როგორც ჩვენი კულტურის, ასევე სპორტის სფეროს წარმომადგენლებისთვის. ჩვენი კულტურული მემკვიდრეობა, ისევე, როგორც თანამედროვე ხელოვნება არის ის უძვირფასესი ნაწილი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების, რომელზეც ჩვენ უნდა ვიზრუნოთ ყველამ ერთად და რა თქმა უნდა, ცალკე სამინისტროს, ისევე, როგორც სპორტის მიმართულებით - განსაკუთრებით ბოლო წლების განმავლობაში თუ გავითვალისწინებთ ჩვენი სპორტსმენების მიღწევებს - იმსახურებს“.

ახალგაზრდობის სააგენტო, რომელიც დღეს მთავრობის ადმინისტრაციის ზედამხედველობით ფუნქციონირებს, გახდება კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის სამინისტროს ნაწილი.

ვინ დაიკავებს ახალი სამინისტროს ხელმძღვანელის თანამდებობას, ჯერჯერობით უცნობია.

ამჟამად საქართველოს მთავრობის სტრუქტურაშია 10 სამინისტრო და 1 სახელმწიფო მინისტრის აპარატი.
Print