ახალი ამბები
თეა მანჩხაშვილის კარანტინში დაბადებული თოჯინები
კორონავირუსის პანდემიამ და კარანტინმა, მსოფლიო შეცვალა და რა გასაკვირია, რომ ბორჯომელი თეა მანჩხაშვილის ცხოვრების კორექტირებაც მოეხდინა.

თებერვლიდან შეიცვალა თეას ყოველდღიურობა. ბორჯომის სამუსიკო სკოლის პედაგოგს, მოსწავლეებთან გაკვეთილების ჩატარების საშუალება აღარ მიეცა. მუშაობას მხოლოდ სასტუმროში, სამ საათიანი გრაფიკით აგრძელებს, სადაც ვიოლინოზე უკრავს.

გამოთავისუფლებული დრო, უქმად არ დაკარგა და ქსოვა დაიწყო. ყაისნაღით მუშაობა ბავშვობაში ბებომ ასწავლა. პატარა ასაკიდან ოჯახის წევრებისთვის და ახლობლებისთვის წინდებს ქსოვდა. კარანტინში წინდა თოჯინად იქცა. ხელები, ფეხები, თავი, ნაქსოვი ბამბით შეივსო და ტანსაცმლით შეიმოსა.

პირველი სათამაშო ახლობლის შვილს აჩუქა. ნამუშევარმა დიდი მოწონება დაიმსახურა. .   ამის შემდეგ დაიწყო და კარანტინში მყოფმა 50-მდე ფერადი თოჯინა შექმნა. შედეგი: გამოფენა- რეალიზაცია და სასიამოვნო საქმით მიღებული პირველი შემოსავალი, გაჩერებული ეკონომიკის პირობებში.

პანდემიის მეორე ტალღის დროს ქსოვას ისევ აგრძელებს, ახლა შეკვეთებსაც იღებს. ერთი თოჯინის შექმნას საშუალოდ ოთხ-ხუთ დღეს ანდომებს. 

თეას ეკოლოგიურად სუფთა, განუმეორებელი, განსხვავებული და ორიგინალური თოჯინები კარანტინში დაიბადნენ.





Print