ახალი ამბები
ხაშურის მერი თანამდებობას ტოვებს
ხაშურის მუნიციპალიტეტის მერი თანამდებობას ტოვებს. განცხადება გიორგი გურასპაშვილმა მუნიციპალიტეტის ფეისბუქ გვერდზე გავრცელდა.
გურასპაშვილი წერს, რომ თანამდებობას "სუბიექტური გარემოებების გათვალისწინებით" ტოვებს და ამბობს რომ "ქართული ოცნების" გუნდის წევრად რჩება:

,,სუბიექტური გარემოებების გათვალისწინებით, ვტოვებ ხაშურის მერის თანამდებობას, რადგან მიმაჩნია, რომ ცხოვრების ამ ეტაპზე, ეს ყველაზე სწორი და დროული ნაბიჯია.
აქვე, ვისარგებლებ შემთხვევით და პირველ რიგში, დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ამომრჩეველს - ჩემს ხაშურელებს გამოჩენილი ნდობისთვის, ასევე, ჩემს თანამშრომლებს, ვისთან ერთადაც ჩვენი ქალაქისთვის არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განვახორციელე. დარწმუნებული ვარ, ისინი ახლა უკვე ჩემს გარეშე განაგრძობენ ჩვენი ქალაქის განვითარებაზე ზრუნვას.
ამასთანავე, ყოველგვარი პოლიტიკური სპეკულაციების თავიდან ასარიდებლად, ხაზგასმით ვაცხადებ, რომ რა თქმა უნდა, ვრჩები "ქართული ოცნების" პოლიტიკური გუნდის წევრად და ვაგრძელებ ჩვენი პარტიის წარმომადგენლებთან როგორც საქმიან, ისე მეგობრულ ურთიერთობას. მტკიცედ მჯერა, რომ ჩვენი პოლიტიკური გუნდი არჩევნების მეორე ტურში დამაჯერებლად გაიმარჯვებს და ქართველი ხალხის გადაწყვეტილებით, სწორედ "ქართული ოცნება" იქნება მმართველი ძალა მომავალი 4 წლის განმავლობაშიც!" წერს გურასპაშვილი.

გავრცელებული ინფორმაციით ხაშურის მერის თანამდებობიდან წასვლას 31 ნოემბრის საპარლამენტო არჩევნებს უკავშირებენ და "ოცნების"კანდიდატის ზაალ დუგლაძისა და გურასპაშვილის დაპირისპირებაზე საუბრობენ, ხაშურისა და ქარელის მაჟორიტარობის კანდიდატმა პირველ ტურში არჩევნები ვერ მოიგო და ჩათვალა, რომ გურასპაშვილმა მის სასარგებლოდ არასათანადოდ იმუშავა, თუმცა ამ ინფორმაციას მხარეები კატეგორიულად უარყოფენ.

Print