ახალი ამბები
ეპიდემიოლოგიური ვითარება ბორჯომში - რატომ დუმს ჯანდაცვა და მერია

პანდემიის ფონზე და ქვეყანაში არსებული მძიმე ეპიდემიოლოგიური სიტუაციის პირობებში ბორჯომში ინფორმაციის ვაკუუმია.

ტელეკომპანია „ბორჯომთან“ ბორჯომის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი კომენტარის გაკეთებისგან თავს იკავებს. ბოლო 8 თვის განმავლობაში ცენტის ხელმძღვანელმა მედიასთან სულ რამდენიმე კომენტარი გააკეთა, მაშინ როცა ეპიდ. ვითარება ქვეყანაშიც და მუნიციპალიტეტშიც ყოველდღიურად იცვლება.

ადგილობრივ მოსახლეობას აქვს უფლება იცოდეს რა ხდება მუნიციპალიტეტში, ფლობდეს ინფორმაციას დადასტურებული შემთხვევების შესახებ.
ტელეკომპანია „ბორჯომს“ჯანდაცვის ცენტრისგან ინფორმაციის მისაღებად, როგორც აღმოჩნდა, ნებართვა ადგილობრივი მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურისგან სჭირდება. საბოლოოდ კი არაერთი მცდელობის მიუხედავად ინფორმაცია იბლოკება და კომენტარი არ კეთდება.

ანალოგიურად სრული ინფორმაციის მიღება ვერ ხდება სამცხე-ჯავახეთის ჯანდაცვის უწყებებიდან.

ერთადერთი წყარო, რომელიც მხოლოდ სტატისტიკაზე საუბრობს რეგიონის სამხარეო ადმინისტრაციაა.

ბორჯომში კი ჯეო ჰოსპიტალსის სამედიცინო ცენტრია ერთადერთი ინფორმაციის გამცემი მედიასთან, რომელიც ყოველდღიურ რეჟიმში აწვდის ადგილობრივ მედიას, სამედიცინო ცენტრში არსებულ ინფორმაციას ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობაზე და აკეთებს სატელევიზიო კომენტარებს.


ამ ფონზე რთულია მედიისთვის მოსახლეობას მიაწოდოს სრულყოფილი ინფორმაცია და აჩვენოს მუნიციპალიტეტში არსებული რეალური მდგომარეობა.

მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის ფონზე, პასუხისმგებელი პირების დუმილი და უპასუხოდ დატოვებული კითხვები იწვევს მოსახლეობაში არასწორი ინფორმაციის გავრცელებას, რაც შეიძლება პანიკის საფუძველი გახდეს.


 

Print