ახალი ამბები
სომხეთის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ აზერბაიჯანი სტეპანაკერტის დაბომბვას განაგრძობს
სომხეთის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის ამოქმედების მიუხედავად, აზერბაიჯანი მთიანი ყარაბაღის დედაქალაქის, სტეპანაკერტის დაბომბვას განაგრძობს, - ამის შესახებ ინფორმაციას სომხური მედია თავდაცვის უწყების წარმომადგენელზე, არცრუნ ჰოვანისიანზე, დაყრდნობით ავრცელებს.

სომხური მხარე აზერბაიჯანელებს იმ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტომობილზე თავდასხმაში ადანაშაულებს, რომლითაც დაჭრილები გადაჰყავდათ.

სომხური მედიის ინფორმაციით, ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრმა არსენ ტორისიანმა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურ დირექტორს, ტედროს ადჰანომ გებრეიესუსს, წერილი გაუგზავნა, რომელშიც აღნიშნულია, რომ აზერბაიჯანი აგრესიას ჯანდაცვის გლობალური კრიზისის ფონზე ახორციელებს, რაც კოვიდ 19-ის მიმართ ეროვნულ, რეგიონალურ და გლობალურ რეაგირებას აფერხებს და ვირუსის გავრცელებას უწყობს ხელს. ჯანდაცვის მინისტრი წერს, რომ 11 ოქტომბერსაც კი, როდესაც მთიან ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი მოქმედებდა, აზერბაიჯანი თავს დაესხა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტომობილს, რომლითაც დაჭრილები გადაჰყავდათ.

ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება, რომელსაც სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრებმა მოსკოვში მიაღწიეს, 10 ოქტომბრის 12:00 საათიდან მოქმედებს, თუმცა ცეცხლის შეწყვეტის გამოცხადებიდან რამდენიმე საათში მხარეებმა მის დარღვევაში ერთმანეთის დადანაშაულება დაიწყეს
.


Print