ახალი ამბები
აზერბაიჯანი და სომხეთი მთიან ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ
აზერბაიჯანი და სომხეთი მთიან ყარაბაღში ცეცხლს დღეს 10 ოქტომბრის 12:00 საათიდან შეწყვეტენ, - ამის შესახებ რუსეთის, სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრების მოსკოვში გამართული შეხვედრის შემდეგ სერგეი ლავროვმა განაცხადა. მინისტრების შეხვედრა 10 საათზე მეტხანს გაგრძელდა. სერგეი ლავროვის, ზოგრაბ მნაცაკანიანისა და ჯეიჰუნ ბაირამოვის შეხვედრა დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობდა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, რუსეთის, აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრების ერთობლივი განცხადება გავრცელდა, რომელშიც აღნიშნულია, რომ მხარეები ცეცხლის შეწყვეტასა და მოლაპარაკებების დაწყებაზე შეთანხმდნენ.
"ცეცხლი 10 ოქტომბრის 12:00 საათიდან ჰუმანიტარული მიზნით შეწყდება, რომლის მიზანი "წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის" შუამავლობითა და მისი რეგულაციების შესაბამისად ომის ტყვეების, სხვა დაკავებული პირების და დაღუპულების ცხედრების გაცვლაა,"- აღნიშნულია განცხადებაში.

დოკუმენტის თანახმად, ცეცხლის შეწყვეტის კონკრეტული პარამეტრები დამატებით შეთანხმდება.
გარდა ამისა, ერთობლივ განცხადებაში აღნიშნულია, რომ მხარეები ეუთოს მინსკის ჯგუფის წარმომადგენლების შუამავლობით არსებითი მოლაპარაკებების დაწყებაზე შეთანხმდნენ.
"აზერბაიჯანისა და სომხეთის რესპუბლიკები, ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეების შუამავლობით და კონფლიქტის დარეგულირების პრინციპებზე დაყრდნობით, იწყებენ არსებით მოლაპარაკებებს მშვიდობიანი დარეგულირების რაც შეიძლება სწრაფად მისაღწევად",- აღნიშნულია განცხადებაში.

Print