ახალი ამბები
სახელმწიფო მინისტრი სამცხე-ჯავახეთის რეგიონს პირველი გაცნობითი ვიზიტით ეწვია
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი, სამცხე-ჯავახეთის რეგიონს პირველი გაცნობითი ვიზიტით ეწვია. ვიზიტის ფარგლებში, თეა ახვლედიანმა შეხვედრა გამართა რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულსა და ეთნიკური უმცირესობებით დასახლებული მუნიციპალიტეტების მერებთან.

შეხვედრას ესწრებოდნენ ახალციხის, ასპინძის, ბორჯომის, ნინოწმინდისა და ახალქალაქის თვითმმართველი ორგანოების ხელმძღვანელები. განიხილეს სამოქალაქო ინტეგრაციის პროცესში არსებული საჭიროებები და ხედვები.

"სამცხე-ჯავახეთის რეგიონში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ისევე, როგორც ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებთან უშუალო გარემოში გამართულ სამუშაო, გაცნობით შეხვედრებს ძალიან მნიშვნელოვნად მივიჩნევ, განსაკუთრებით ამ ეტაპზე, როდესაც უკვე დაწყებულია სამოქალაქო თანასწორობის და ინტეგრაციის ახალ სტრატეგიაზე მუშაობა. ამ პროცესში ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელთა ჩართულობა და მათთან მოსაზრებების ურთიერთგაცვლა, ჩვენი ერთ-ერთი უპირველესი ამოცანაა. კიდევ ერთხელ მსურს ხაზი გავუსვა, რომ საქართველოს ხელისუფლების ერთ-ერთი პრიორიტეტია, რომ ჩვენი ქვეყნის თითოეულ მოქალაქეს ჰქონდეს თანასწორი შესაძლებლობა სრულფასოვნად ჩაერთოს ჩვენი ქვეყნის საზოგადოებრივ, ეკონომიკურ და პოლიტიკურ საქმიანობაში, რისთვისაც სახელმწიფო მინისტრის აპარატი ძალისხმევას არ დაიშურებს"-განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა.


Print