ახალი ამბები
მოსკოვს იმედი აქვს, საქართველოსთან ავიამიმოსვლა ახლო მომავალში აღდგება
მოსკოვი ყურადღებით აკვირდება თბილისში არსებულ მდგომარეობას და იმედი აქვს, საქართველოსთან საჰაერო მიმოსვლა ახლო მომავალში აღდგება, რუსული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა გაზეთ "ტრუდ"-თან ინტერვიუში განაცხადა.

"იმედი მაქვს, საქართველოსთან ავიამიმოსვლის ადგენა უახლოესი მომავლის საქმეა. საქართველოში არსებულ მდგომაროებას ყურადღებით ვაკვირდებით, რასაკვირველია, რეგიონსა და მსოფლიოში სანიტარული და ეპიდემიოლოგიური სიტუაციის ზოგად ნორმალიზებასა და სხვა მიმართულებით ფრენების აღდგენასაც ველოდებით,"- აღნიშნა ლავროვმა.

მან ასევე იმედი გამოთქვა, რომ საქართველოსა და რუსეთს შორის პანდემიის გამო შეწყვეტილი პოლიტიკური დიალოგი კარასინ-აბაშიძის ფორმატში მალე აღდგება.

"რუსეთი ყოველთვის აფასებდა მეგობრულ კავშირებს ქართვეელ ხალხთან, რომლებთან ერთადაც ჩვენ ერთ საუკუნეზე მეტხანს სხვადასხვა სახელით, მაგრამ ერთ სახელმწიფოში ვიცხოვრეთ,"- აღნიშნა ლავროვმა.

საქართველოსა და რუსეთს შორის პირდაპირი სააჰაერო მიმოსვლა 2019 წლის 8 ივლისს პუტინის ბრძანების საფუძველზე შეწყდა.
20 ივნისის ,,გავრილოვის ღამის" თბილისში მიმდინარე მოვლენები კრემლმა "ანტირუსულ პროვოკაციად" შეაფასა. მოსკოვი ამბობს, რომ შეზღუდვას მოხსნის, როცა საქართველოში "რუსოფობიული ფონი გადაივლის".

"საქართველოში რუსოფობია არ არის. საქართველოში არის მწვავე კრიტიკული დამოკიდებულება რუსეთის პოლიტიკის მიმართ, რაც გასაკვირი არავისთვის უნდა იყოს იმ პოლიტიკის გათვალისწინებით, რასაც რუსეთის ხელისუფლება ატარებს საქართველოსთან მიმართებაში. მაგრამ რუსოფობია რომ არ არის, ისიც მოწმობს, რომ ბოლო წლებში მილიონობით რუსი ტურისტი ჩამოვიდა საქართველოში და არანაირი ინციდენტი და აგრესია მათ მიმართ არ ყოფილა", – აცხადებს ზურაბ აბაშიძე.

Print