ახალი ამბები
IRI - გამოკითხულთა 82 % ყველაზე დიდ საფრთხედ რუსეთს მიიჩნევს
საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა IRI-მ საქართველოში ჩატარებული ახალი კვლევის შედეგები გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც გამოკითხულთა 82 % ყველაზე დიდ პოლიტიკურ საფრთხედ რუსეთს მიიჩნევს.
კითხვაზე, „რომელ ქვეყანას მიიჩნევთ საქართველოს ყველაზე დიდ პოლიტიკურ/ეკონომიკურ პარტნიორად? რომელი ქვეყანა წარმოადგენს ყველაზე დიდ პოლიტიკურ/ეკონომიკურ საფრთხეს“, გამოკითხულთა უმეტესობამ ყველაზე დიდ პოლიტიკურ და ეკონომიკურ პარტნიორად აშშ დაასახელა, ყველაზე დიდ პოლიტიკურ და ეკონომიკურ საფრთხედ კი - რუსეთი.

კერძოდ, გამოკითხულთა 82 % ყველაზე დიდ პოლიტიკურ საფრთხედ რუსეთს მიიჩნევს, 65 %-ის აზრით კი, საქართველოს ყველაზე დიდი პოლიტიკური პარტნიორი შეერთებული შტატებია.

გარდა ამისა, მოქალაქეების 70%-ის აზრით, ყველაზე დიდ ეკონომიკურ საფრთხეს რუსეთი წარმოადგენს, გამოკითხულთა 51%-ი კი მიიჩნევს, რომ საქართველოს ყველაზე დიდი ეკონომიკური პარტნიორი შეერთებული შტატებია.

IRI-ის ინფორმაციით, კვლევა ჩატარდა „საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის“ კვლევების ცენტრის სახელით, ბალტიის კვლევებისა და გელაპის ორგანიზაციის წარმომადგენლის დოქტორი რასა ალიშაუსკინეს მიერ, 2020 წლის 4 ივნისი - 2 ივლისის პერიოდში. საველე სამუშაოები ჩატარდა „აიფიემის“ მიერ. მონაცემები შეგროვდა სტრატიფიცირებული მრავალსაფეხურიანი შემთხვევითი შერჩევის მეთოდის გამოყენებით, პირისპირ ინტერვიუს გზით. შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1500 რესპონდენტს. მონაცემები შეწონილ იქნა ასაკის, გენდერის, რეგიონისა და დასახლების ზომის შესაბამისად. ცდომილების ზღვარი წარმოადგენს +/- 2.5 პროცენტს, გამოპასუხების მაჩვენებელი - 66 პროცენტი. კვლევის განხორციელება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მეშვეობით.



Print