ახალი ამბები
საქართველოს პრეზიდენტი, ამერიკის ელჩთან ერთად, სამცხე-ჯავახეთს ესტუმრა
საქართველოს პრეზიდენტი, ამერიკის ელჩთან ერთად, შიდა ტურიზმის განვითარებისა და ხელშეწყობის კამპანიის "აღმოაჩინე საქართველო" ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთს ესტუმრა. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, სამცხე - ჯავახეთს რელიგიური ტურიზმის განვითარების მიმართულებით დიდი პოტენციალი აქვს.

"მინდოდა ელჩს ენახა სამცხე -ჯავახეთის ეს არაჩვეულებრივი მხარე და ეს სასწაული ადგილები, რადგან არ იყო ნამყოფი და მისთვის ეს ძალიან საინტერესო აღმოჩნდა. სამცხე-ჯავახეთი ის მხარეა, სადაც კარგად ჩანს ქართული ტოლერანტობა. სამცხე - ჯავახეთი ასევე, უნდა გახდეს რელიგიური ტურიზმის ერთ-ერთი ადგილი. ეს არის გზა, საიდანაც საქართველოში წმინდა ნინო შემოვიდა. ეს მსოფლიო მართლმადიდებლობისა და ქრისტიანობისთვის შეიძლება ძალიან მნიშვნელოვანი ადგილი გახდეს.

ახლახანს შეიქმნა ერუშეთის დაცული ტერიტორია, რაც ამ მხარისთვის კიდევ ერთი წარმატებისა და გაძლიერების საფუძველს ქმნის, რადგან მის გარშემო ჩამოყალიბდება სხვადასხვა ტურისტული ინფრასტრუქტურა, რომელიც ასევე გააძლიერებს რეგიონს.
ანუ, ამ მხარეს დიდი მომავალი აქვს და ეს ძალიან კარგად შეაფასა ამერიკის ელჩმა. მე ძალიან ბედნიერი ვარ, რომ აქ ჩამოვიყვანე", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

ამერიკის ელჩმა კელი დეგნანმა მადლობა გადაუხადა პრეზიდენტს სამცხე ჯავახეთის გაცნობისათვის.

"ვფიქრობ, ამ მხარეს განვითარების დიდი პოტენციალი აქვს. ეს განსაკუთრებული ადგილია. მართლაც ამაღელვებელია წმინდა ნინოს ისტორია, რომელმაც ქრისტიანობა საქართველოში სწორედ ამ ადგილიდან შემოიტანა. ამიტომ ვფიქრობ, ეს ასევე მნიშვნელოვანი იქნება რელიგიური სიწმინდეების მომლოცველთათვის, რომლებიც ისეთი წმინდანების ნაკვალევს მიჰყვებიან, როგორიც წმინდა ნინოა.
საერთო ჯამში, ეს იყო ლამაზი დღე და ჩემი შანსი, მენახა საქართველოს შემოგარენი, ისეთი ადგილები, სადაც მე ჯერ არ ვყოფილვარ. სავარაუდოდ, როგორც კი შევძლებ, კიდევ დავბრუნდები. ასე რომ, ძალიან მადლიერი ვარ", - განაცხადა კელი დეგნანმა.


Print