ახალი ამბები
925 დასმული კითხვიდან 139-ს პასუხი არ გაეცა, - მთავრობის წევრები პასუხისმგებლობით არ ეკიდებიან პარლამენტის მიერ კონტროლის განხორციელებას - საერთაშორისო გამჭვირვალობის“ ანგარიში
პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებული მთავრობის წევრები და სხვა თანამდებობის პირები, სათანადო პასუხისმგებლობით არ ეკიდებიან პარლამენტის მიერ კონტროლის განხორციელებას, - ამის შესახებ “საერთაშორისო გამჭირვალობა-საქართელოს” მიერ საქართველოს პარლამენტის 2019 წლის საქმიანობის შეფასებაშია აღნიშნული.
“პარლამენტის მონიტორინგის ფარგლებში „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ” 2019 წლის 1-ელი იანვრიდან 2019 წლის 31 დეკემბრამდე პერიოდში საკანონმდებლო ორგანოს საქმიანობა შეაფასა.

საანგარიშო პერიოდში შემდეგი გამოწვევები გამოიკვეთა:
საკანონმდებლო პროცესი - გაზრდილია კანონპროექტის განხილვის ვადების გაგრძელების მაჩვენებელი, 2019 წელს, 388 კანონპროექტზე (111 საკანონმდებლო ინიციატივა) 252-ჯერ გაგრძელდა განხილვის ვადა; საანგარიშო პერიოდში, კომიტეტების საქმიანობის ანგარიშების წარდგენა დაგვიანებით განხორციელდა, კერძოდ, 2019 წელს 15-დან 7-მა კომიტეტმა, თვეების დაგვიანებით წარუდგინა პარლამენტს წინა წლის საქმიანობის ანგარიში; გენდერული თანასწორობის საბჭოს საკანონმდებლო ინიციატივები გენდერულ ჭრილში არ განუხილავს, საბჭოს დღემდე არ ჰყავს თავმჯდომარე; პარლამენტს კანონპროექტის ფინანსური გავლენის მეთოდოლოგია არ მიუღია, რაც კანონმდებლობით განსაზღვრული ვალდებულების დარღვევას წარმოადგენს; არ არის შექმნილი საბიუჯეტო ოფისის სამეთვალყურეო საბჭო, შესაბამისად საბჭოსადმი ოფისის საქმიანობის ანგარიშის წარდგენა არ ხდება.
საპარლამენტო კონტროლი - მთავრობის წევრები და პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებული სხვა თანამდებობის პირები, სათანადო პასუხისმგებლობით არ ეკიდებიან პარლამენტის მიერ კონტროლის განხორციელებას, მაგ. მინისტრები დროულად და სრულად არ პასუხობენ სადეპუტატო კითხვებს, (925 დასმული კითხვიდან 139 კითხვას პასუხი არ გაეცა); ინტერპელაციის შეზღუდული პერიოდულობა შეიცავს რისკებს, რომ დასმულმა საკითხმა ინტერპელაციამდე აქტუალობა დაკარგოს და ასევე შეკითხვების რაოდენობის ზრდასთან ერთად, მცირდება პროცედურისთვის გამოყოფილი დრო, შედეგად, მნიშვნელოვანი საკითხების განხილვა, შესაძლოა, საფუძვლიანად ვერ მოხერხდეს.
დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის პროცედურის მნიშვნელოვანი გამარტივების მიუხედავად, საგამოძიებო კომისია არცერთხელ არ შექმნილა - დარეგისტრირდა კომისიის შექმნის 4 მოთხოვნა, თუმცა, არცერთი ინიციატივისთვის პლენარულ სხდომაზე კენჭი არ უყრიათ; პარლამენტს არ განუხორციელებია მთავრობის მიერ წარდგენილი კანონშემოქმედებითი საქმიანობის გეგმის მონიტორინგი”, - ნათქვამია კვლევაში.



Print