ახალი ამბები
სამი რუსი ექიმის ფანჯრიდან გადავარდნა კითხვებს ბადებს - CNN

ბოლო ორი კვირის განმავლობაში რუსეთის საავადმყოფოების ფანჯრებიდან სამი ექიმის იდუმალებით მოცული გადავარდნა საზოგადოებაში კითხვებს აჩენს,

- ამის შესახებ „CNN “ მიერ გამოქვეყნებულ სტატიაშია აღნიშნული.
„ორი მედიკოსი დაიღუპა, ერთი - საავადმყოფოში რჩება. სამივე ინციდენტი, რომელსაც რუსეთის სამართალდამცავი ორგანოები იძიებენ, რუსეთის პრესისა და სოციალური მედიის განსჯის საგანი გახდა,“
- წერს „ CNN “.
სტატიაში საუბარია სასწრაფო დამარების ექიმ ალექსანდრე შულეპოვზე, რომელიც შაბათს იმ საავადმყოფოს ფანჯრიდან გადავარდა, სადაც კორონავირუსით დაინფიცირებული ექიმი მკურნალობას გადიოდა.
„შულეპოვი საავადმყოფოში კორონავირუსის დიაგნოზით 22 აპრილს გადაიყვანეს. იმავე დღეს მან და მისმა კოლეგა ალექსანდრე კოსიაკინმა სოციალურ ქსელში ვიდეო განათავსეს, სადაც აღნიშნავდნენ, რომ მას შემდეგ რაც შულეპოვს კორონავირუსი დაუდასტურდა, მას მუშაობის გაგრძელებას აიძულებდნენ,“- აღნიშნულია სტატიაში.
„CNN “ წერს, რომ შუპელოვი მესამე მედიკოსი იყო რუსეთში, რომელიც ბოლო ორი კვირის განმავლობაში ფანჯრიდან გადავარდა.
„1 მაისს ქალაქ კრასნოიარსკის საავადმყოფოს მთავარი ექიმი ელენა ნეპომნიაშჩაია დაიღუპა. ადგილობრივი ტელევიზიის ინფორმაციით, ექიმი რეგიონალური ჯანდაცვის ოფიციალურ პირებთან შეხვედრის დროს, სადაც კლინიკის კორონავირუსის სამკურნალო დაწესებულებად გადაქცევის საკითხს განიხილავდნენ, სავარაუდოდ, ფანჯრიდან გადავარდა,“- წერს „CNN “.
სტატიაში საუბარია კიდევ ერთ მედიკოსზე - ნატალია ლებედევაზე - რომელიც 24 აპრილს იმ საავადმყოფოს ფანჯრიდან გადავარდა და დაიღუპა, სადაც მას, სავარაუდოდ, კორონავირუსზე მკურნალობდნენ.
„საავადმყოფომ გაავრცელა განცხადება, სადაც აღნიშნულია, რომ ტრაგიკული ინციდენტი მოხდა. საავადმყოფომ „CNN”-ის თხოვნა კომენტარის შესახებ უპასუხოდ დატოვა,“- აღნიშნულია სტატიაში

რუსეთში გასულ შაბათ-კვირას კორონავირუსის ოფიციალურად დადასტურებული შემთხვევების რიცხვმა 24 საათიან პერიოდში ყველაზე მაღალ რიცხვს - 10 633 მიაღწია. უარესდება ეკონომიკური მდგომარეობაც: გასულ კვირაში რუსეთის ფინანსთა მინისტრმა განაცხადა, რომ Covid-19-ის მსგავსი კრიზისი არასდროს უნახავს.
„ასეთი რამ არ მახსენდება“, -აღნიშნა მინისტრმა და აქვე განაცხადა, რომ ნავთობზე ფასის ვარდნამ, რაც რუსეთის სახელმწიფოს მთავარი შემოსავლის წყაროა, ქვეყნის ეკონომიკას ორმაგი დარტყმა მიაყენა.

 

Print