ახალი ამბები
კორონავირუსით გარდაცვლილ მე-9 პაციენტს ქრონიკული დაავადებები ჰქონდა
საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილი მე-9 პაციენტი საუნივერსიტეტო კლინიკაში მკურნალობდა. როგორც კლინიკის დირექტორმა ლევან რატიანმა განაცხადა, პაციენტს ქრონიკული დაავადებები ჰქონდა. მისივე თქმით, მას კლინიკაში დაახლოებით სამი კვირის მანძილზე მკურნალობდნენ.

მისივე ინფორმაციით, გარდაცვლილი 60 წლამდე ასაკის ქალია.

მას ჰქონდა ფილტვის ობსტრუქციული დაავადება, ბრონქული ასთმა მძიმე მიმდინარეობით. პაციენტი მოთავსდა რამდენიმე კვირის წინ ჩვენ კლინიკაში. პირველ ეტაპზე იყო თერაპიულ განყოფილებაში, პროტოკოლით გათვალისწინებული მკურნალობა უტარდებოდა. დაუფიქსირდა სუნთქვის უკმარისობა, კლინიკურად გამოვლინდა მწვავე რესპირატორული დისტრესი, მოთავსდა რეანიმაციულ განყოფილებაში. კლინიკურად სახეზე იყო მძიმე სომატური პათოლოგიების ფონზე განვითარებული პოლიორგანული კლინიკა, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, მიოკარდიტი,“- განაცხადა ლევან რატიანმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში კორონავირუსით კიდევ ერთი, მე-9 პაციენტი გარდაიცვალა. რაც შეეხება ინფიცირების შემთხვევებს, მათი რაოდენობა 24 საათში 7-ით გაიზარდა და 589 გახდა. გამოჯანმრთელებულია 221 ადამიანი.
Print