ახალი ამბები
საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 8-მდე გაიზარდა
საქართველოში კორონავირუსით მერვე პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული.
საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილი მე-8 პაციენტი 71 წლის ქალი იყო და ბევრი თანმხლები დაავადება ჰქონდა, - აღნიშნულის შესახებ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის სამედიცინო დირექტორმა ლალი ტურძელაძემ განაცხადა.

როგორც ტურძელაძე განმარტავს, ქალი მარნეულიდან იყო.

„აღნიშნული პაციენტი გუშინ გარდაცვლილი მამაკაცის მეუღლე არ არის, თუმცა, ისიც უმძიმეს მდგომარეობაშია. გარდაცვლილ ქალს ძალიან ბევრი თანხმლები დაავადება ჰქონდა, მათ შორის, არტერიული ჰიპერტენზია, შაქრიანი დიაბეტი, ზოგადი სიმსუქნე, გადატანილი ჰქონდა ინფარქტი, გამოხატული ჰქონდა რესპირაციული დისტრესინდრომი, ფილტვების ორმხრივი ანთება მძიმე ფორმით, ასევე განვითარდა ვირუსული მიოკარდიტი“, - განაცხადა ტურძელაძემ.

ინფორმაციისთვის, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 582 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან 207 გამოჯანმრთელებულია, ხოლო 8 გარდაიცვალა. ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.

კარანტინის რეჟიმშია 5152 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 551 პირი.
Print