ახალი ამბები
მსოფლიო ბანკი პანდემიაზე რეაგირებისთვის საქართველოს დასახმარებლად 80 მილიონ აშშ დოლარს გამოყოფს
მსოფლიო ბანკმა საქართველოს 80 მლნ. აშშ დოლარის მოცულობის ფინანსური მხარდაჭერის პაკეტი გამოუყო, რათა დაეხმაროს მთავრობას ჯანდაცვასა და სოციალურ სფეროში COVID-19 -ით გამოწვეული შედეგების შერბილებასა და მათზე რეაგირებაში. მსოფლიო ბანკის ინფორმაციით, აღნიშნული დაფინანსება მსოფლიო ბანკის COVID-19-ზე სწრაფი რეაგირების პაკეტის ნაწილია (FTCF). მსოფლიო ბანკი, ასევე, თანამშრომლობს აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკთან თანადაფინანსების ხელშეკრულებით დამატებით 100 მლნ. აშშ დოლარის მოსაზიდად.

პროექტის მიზანია იმ ღონისძიებების დაფინანსება, რომლებიც ხელს შეუწყობს COVID-19 -ის პანდემიით გამოწვეული საფრთხის პრევენციას, გამოვლენას და მასზე რეაგირებას, ასევე, დაუყოვნებელი სოციალური დახმარების უზრუნველყოფას ყველაზე მოწყვლადი ფენისთვის. მოსალოდნელია, რომ პროექტი სარგებელს მოუტანს მოსახლეობის ფართო სპექტრს, კერძოდ კი მოსახლეობის ინფიცირებულ და რისკის ქვეშ მყოფ იმ ნაწილს, როგორებიც არიან მოხუცები, ქრონიკული დაავადებების მქონე პირები, და ასევე, საგანგებო სიტუაციებზე მომუშავე და სამედიცინო პერსონალი. ჯანდაცვის მიმართულებით COVID-19-ზე რეაგირების საგანგებო ღონისძიებები მოიცავს დაავადების შემთხვევების გამოვლენას და დადასტურებას, ტესტირების ზრდას, ისევე როგორც შემთხვევების სამართავად ჯანდაცვის სისტემის გაძლიერებას.

ამასთან ერთად, პროექტი გარკვეულ ფინანსურ დახმარებას გაუწევს ღარიბ და მოწყვლად შინამეურნეობებს მიზნობრივი სოციალური დახმარების პროგრამის გაფართოებით და დროებითი ფულადი ტრანსფერების უზრუნველყოფით იმ პირებისთვის, რომელთაც პანდემიის გამო სამუშაო დაკარგეს
Print