ახალი ამბები
ქუთაისის მერი თანამდებობას ტოვებს
ქუთაისის მერიაში ადასტურებენ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ქალაქის მერი გიორგი ჭიღვარია თანამდებობას ტოვებს.
ამ დროისათვის გიორგი ჭიღვარიას თანამდებობიდან წასვლის ოფიციალური მიზეზი უცნობია. ცნობილია მხოლოდ ის, რომ მერის მოვალეობას მერის პირველი მოადგილე დავით ერემეიშვილი შეასრულებს. მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების“ წევრები, გიორგი ჭიღვარიას შესაძლო გადადგომის მიზეზებზე ჯერ არ საუბრობენ და განცხადების გაკეთებას მოგვიანებით, მოვლენების განვითარების შესაბამისად აპირებენ.

ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები კი ამბობენ, რომ გიორგი ჭიღვარია შიდაპარტიულ და კლანურ დაპირისპირებას ეწირება.

გიორგი ჭიღვარია, ქუთაისის მერად, 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დროს,(მეორე ტური) 87,95 %-ით აირჩიეს. 

გიორგი ჭიღვარიამ მერობის დასაწყისში რამდენიმე ინფრასტრუქტურული პროექტი დააანონსა. მათ შორის იყო „თეთრი ხიდის“ რეკონსტრუქცია-რეაბილიტაციის პროექტი, რომელიც არაერთხელ გახდა ოპოზიციური პარტიების, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებისა თუ ქუთაისელების კრიტიკის საგანი, ასევე  არაერთხელ გახდა ქუთაისის საკრებულოს ოპოზიციური დეპუტატების კრიტიკის მიზეზი, რომელიც საბიუჯეტო თანხების არაწორად განკარგვას უკავშირდებოდა, ერთ-ერთი ასეთი კრიტიკა მხატვრების იტალიურმა პლენერმა დაიმსახურა.



Print