ახალი ამბები
"უახლოესი კვირების განმავლობაში დიდი ბრძოლები გველოდება" - გახარია
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მიუსამძიმრა და მხარდაჭერა გამოუცხადა ექიმებს დღეს, კორონავირუსის შედეგად მოქალაქის გარდაცვალების გამო. გიორგი გახარიას განცხადებით, უახლოესი კვირების განმავლობაში დიდი ბრძოლები გველოდება.

„მინდა, მივუსამძიმრო ოჯახს და ახლობლებს. მინდა, მივუსამძიმრო და მხარდაჭერა გამოვუცხადო ექიმებს, რომლებმაც ყველაფერი გააკეთეს ამ ქალბატონის გადასარჩენად და მინდა, ისინი გავამხნევო იმიტომ, რომ უახლოესი კვირების განმავლობაში დიდი ბრძოლები გველოდება. ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენ მზად უნდა ვიყოთ ყველაფრისთვის. სახელმწიფო, მთავრობა, სამოქალაქო სექტორი - ყველანი მზად უნდა ვიყოთ, რომ გავუძლოთ მსგავს დარტყმებს. უნდა შევთანხმდეთ იმაზე, რომ ადამიანის სიცოცხლესთან დაკავშირებით კომპრომისი არ არსებობს. არ არსებობს არანაირი კეთილი მიზნები ან რაღაც სხვა სახის გამოწვევები, რომლითაც შეიძლება კომპრომისები გავამართლოთ. დღეს ჩვენ ორ ფრონტზე ვიბრძვით. ეს არის ადამიანის ჯანმრთელობა, სიცოცხლე და ჩვენი ეკონომიკის გადარჩენა. სწორედ მთავრობის პასუხისმგებლობაა, რომ ამ ორ ფრონტზე გამარჯვებისთვის იპოვოს სწორი ბალანსი, რასაც ჩვენ ყველასთან ერთად ვცდილობთ, რომ გავაკეთოთ,“ - განაცხადა გახარიამ.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 157 დადასტურებული შემთხვევაა, მათგან გამოჯანმრთელებულია 28 ადამიანი. დღეს, ქვეყანაში პირველად დაფიქსირდა მოქალაქის გარდაცვალების ფაქტი. ინფორმაცია stopcov.ge-ზეა განთავსებული.

4 აპრილის მდგომარეობით, ქვეყანაში კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5526 პირი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ არის 344 მოქალაქე.
Print