ახალი ამბები
ბორჯომში საზოგადოებრივი ტრანსპორტი ხვალ დილიდან აღარ იმოძრავებს
ხვალ,  31 მარტის დილის 08:00 საათიდან მთელი საქართველოს მასშტაბით საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილება იკრძალება. ამის შესახებ განცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ გააკეთა. საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საყოველთაო კარანტინი ცხადდება. საყოველთაო კარანტინის ფარგლებში კი იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის მეტროთი გადადგილება.

„ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება ზომების გამკაცრების და ჩვენ ვაცხადებთ ფაქტობრივად საყოველთაო კარანტინს. ხვალ დილის 8 საათიდან საყოველთაო კარანტინის ფარგლებში იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის მეტროთი გადადგილება. დასაშვებია მხოლოდ მსუბუქი ავტომობილებით, მათ შორის, ტაქსით მგზავრობა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გათვალისწინებული იქნება ჯანდაცვის სამნისტროს რეკომენდაცია და ავტომობილში იქნება მხოლოდ სამი ადამიანი, მათ შორის მხოლოდ და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ორი ადამიანი ისხდება უკანა სავარძელზე. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი რეკომენდაცია, რომლის არ გათვალისწინების შემთხვევაშიც შესაბამისი სახელმწიფო ორგანოები მიიღებენ შესაბამის გადაწყვეტილებებს. ასევე, მგზავრთა გადაყვანა დასაშვებია მხოლოდ სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტების თანამშრომელთა ორგანიზებული და უსაფრთხო გადაწყვანის მიზნით," - განაცხადა გახარიამ.


საზოგადოებრივი ტრანსპორტი შეწყვეტს მუშაობას ბორჯომშიც. როგორც ბორჯომის მერის მოვალეობის შემსრულებელმა დავით ზაალიშვილმა განაცხადა:  „ხვალ დილიდან ბორჯომში მუნიციპალური ტრანსპორტი აიკრძალა. არც ქალაქში და არც სოფლებში აღარ იმოძრავებს“.

როგორც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა განაცხადა: „დილის 08:00 საათიდან საღამოს 21:00 საათამდე ნებადართულია პირადი ავტომობილებით გადაადგილება და ტაქსებით მუშაობა. ამ პერიოდის განმავლობაში, ასევე, ნებადართულია იმ სპეციალური ტრანსპორტის მოძრაობა, რომელიც მოემსახურება ამა თუ იმ დარგის თანამშრომელს. საღამოს 21:00 საათიდან დილის 06:00 საათამდე პერიოდში იმოძრავებენ მხოლოდ ის სატრანსპორტო საშუალებები, რომელსაც ექნება სპეციალური საშვი,“ - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

Print