ახალი ამბები
კორონავირუსით ინფიცირებულ პაციენტებს ზუგდიდშიც მიიღებენ
ზუგდიდში, რუხის საუნივერსიტეტო კლინიკის დათვალიერების შემდეგ პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ამ საავადმყოფოში ამოქმედდება 100-მდე ადგილი და შესაძლებელი იქნება კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების მომსახურება. მან რეგიონში მცხოვრებ მოქალაქეებსა და მედიკოსებს მოუწოდა, სრული მობილიზება გამოაცხადონ.

„რუხის საუნივერსიტეტო კლინიკა აშენდა როგორც მრავალფუნქციური საავადმყოფო, საკმაოდ სერიოზული შესაძლებლობებით, თუმცა დღემდე არ იყო გაშვებული. დღეს ასეთი სამწუხარო პირობები და სერიოზული გამოწვევები გვაქვს, ამიტომ ვნახეთ, რამდენად სწრაფად შეიძლება ამ საავადმყოფოს ამოქმედება. უახლოეს დღეებში აქ ამოქმედდება 100-მდე ადგილი, რომელიც შეძლებს პოტენციურად მოემსახუროს კორონავირუსით ინფიცირებულ მოქალაქეებს და ასევე, შესაძლებელი იქნება საკარანტინო ზონების ფუნქციონირება, მოგეხსენებათ აქ სასტუმროც არსებობს. ახლა მთავარია, ეს ყველაფერი მაქსიმალურად სწრაფად ავამოქმედოთ. რეგიონის თითოეულ მკვიდრს, მედიკოსს, ექიმს მოვუწოდებ, რომ სრული მობილიზება გამოვაცხადოთ,“ - განაცხადა გიორგი გახარიამ.
Print