არჩილ თალაკვაძე- დაუბრუნდით შეკრების მშვიდობიან ფორმებს
კიდევ ერთხელ ვთხოვ ჩვენს თანამოქალაქეებს, რომ დაუბრუნდნენ შეკრებისა და მანიფესტაციის მშვიდობიან ფორმებს, გააგრძელონ პროტესტი რამდენი ხანიც სურთ, ჩვენ პოლიტიკოსები კი ვაგრძელებთ კონსულტაციებს და დიალოგს - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. თალაკვაძე დარწმუნებულია, რომ ეს სიტუაცია ძალიან მალე დასრულდება.

„ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ნებისმიერი ძალადობრივი ინციდენტის პრევენცია მოხდეს წინასწარ. ჩემი პოლიტიკური შეფასება თუ გაინტერესებთ, გუშინ რაც ვნახეთ, რეალურად ნათელია საზოგადოებისთვის თუ რა იწვევს და რამ გამოიწვია ამ პროცესების განვითარება. მე თუ მკითხავთ, სახელმწიფომ ამ შემთხვევაში, უნდა გამოიყენოს პრევენციული ზომები და აღკვეთოს ორივე მიმართულებით აქტივობები, რომელმაც შეიძლება ძალადობა გამოიწვიოს. აქცია უნდა დარჩეს მშვიდობიან ფორმებში, ისე, როგორც ეს კანონით არის გათვალისწინებული, თუმცა, წინასწარვე უნდა მოხდეს იმ აქტივობების პრევენცია, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს ძალადობა და დაპირისპირება. ჩემი, როგორც პარლამენტის თავმჯდომარის რეკომენდაცია იქნება, რომ მომავალში იმ ჯგუფების მიმართ, ვინც პროვოცირებას ახდენს, გამოყენებული იყოს კანონით გათვალისწინებული ზომები და წინასწარ აღიკვეთოს ასეთი სარისკო ქმედებები,“ - განაცხადა თალაკვაძემ.
Print