ტურისტის დაჭრის ფაქტზე ბრალდებულ გიორგი ხმალაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა
პოლონელი ტურისტის დაჭრის ფაქტზე ბრალდებულ გიორგი ხმალაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ რომან ხორავამ გამოაცხადა.
სხდომას დისტანციურად ესწრება ბრალდებული და მისი უფლებადამცველი.
სასამართლო პროცესზე ბრალდებულმა მოსამართლის კითხვაზე თუ სად მკურნალობდა ის განაცხადა, რომ მკურნალობის კურსს სახლში გადიოდა. ხმალაძის თქმით, მას მონასტერში უნდოდა წასვლა, მაგრამ არ წავიდა. ბრალდებულის თქმით, ის დაოჯახებულია და ჰყავს 10 და 8 წლის შვილები.
პროკურატურის ინფორმაციით, 5 ივლისს, თბილისში, ბრალდებული ხმალაძემ სრულიად უმიზეზოდ თავს დაესხა საქართველოში ტურისტული მიზნით მყოფ პოლონეთის მოქალაქეს.
გიორგი ხმალაძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,109-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით აქვს წარდგენილი, რაც მკვლელობის მცდელობას ხულიგნური ქვენა გრძნობით გულისხმობს.
აღნიშნული დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 13 წლიდან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულ გიორგი ხმალაძეს ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემა აქვს. შესაბამისად, მისი შერაცხადობის დადგენის მიზნით გამოძიების მიმდინარეობისას დაინიშნება ფსიქიატრიული ექსპერტიზა.
წყარო www.interpressnews.ge


Print