ჯანდაცვა
საქართველოში მყოფ ირანის მოქალაქეებს კორონავირუსი არ დაუდასტურდათ
დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ ირანის მოქალაქეებს, რომლებსაც ჩაუტარდათ ტესტირება, კორონავირუსი არ აღმოაჩნდათ.

საუბარია ინფექციურ საავადმყოფოში მოთავსებულ ორ არასრულწოვანზე, რომლებიც ირანიდან გუშინ ჩამოვიდნენ საქართველოში დედასთან ერთად და მაღალი ტემპერატურის გამო ინფექციურ საავადმყოფოში მოათავსეს.

მათ თვადაპირველი კვლევებით, არ აღმოაჩნდათ A და B ტიპის ვირუსები, რომლის შემდეგაც ლუგარის ლაბორატორიის თანამშრომლებმა ისინი კორონავირუსზე შეამოწმეს.

“მათ აღმოაჩნდათ სხვა ვირუსი და ინფექციურ საავადმყოფოში მიიღებენ შესაბამის გადაწყვეტილებას”, – განაცხადა გამყრელიძემ.

გამყრელიძემ აღნიშნა, რომ საქართველო ჯერ კიდევ დაბალი რისკის ქვეყანაა, რადგან ვირუსი ჯერ არ არის დაფიქსირებული, თუმცა დასძინა, რომ საყურადღებოა ირანში კორონავირუსის გავრცელება, რადგან საქართველოს ირანთან ბევრად მჭიდრო ურთიერთობა აქვს, ვიდრე ჩინეთთან.

მისივე თქმით, საქართველოს აქვს რამდენიმე ადგილი კარანტინისთვის, თუმცა არ დაასახელა ადგილმდებარეობა და მიზეზად უკრაინის მაგალითი მოიყვანა, სადაც ჩინეთიდან დაბრუნებულებს საპროტესტო აქციით დახვდნენ.
Print