ჯანდაცვა
კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შექმნას, ასეულობით მილიონი დოლარი და რამდენიმე თვე დასჭირდება-ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია
ქვეყნების მთავრობებმა და ფარმაცევტულმა კომპანიებმა სასწრაფოდ უნდა დაიწყონ ძვირადღირებული და სარისკო სამუშაო კორონავირუს COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის შესაქმნელად, - ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საგანგებო სიტუაციების პროგრამის ხელმძღვანელმა მაიკლ რაიანმა განაცხადა.
მისივე თქმით, საჭიროა „დიდი გადაწყვეტილებების“ მიღება, ვინაიდან ვაქცინების შექმნა უზარმაზარ ინვესტიციასა და როგორც სახელმწიფო ისე კერძო სექტორის მხრიდან გარკვეულ რისკს მოითხოვს.
„ამისთვის საჭიროა ასეულობით მილიონი დოლარი. შესაძლოა, რამდენიმე პოტენციური ვაქცინის შექმნა გახდეს საჭირო, თუმცა არ არსებობდეს იმის უტყუარი საბუთი, რომ რომელიმე მათგანი იმუშავებს,“ - განაცხადა მაიკლ რაიანმა ჟენევაში, კორონავირუსის საკითხზე გამართულ ყოველდღიურ ბრიფინგზე.
შეგახსენებთ, არსებული მონაცემებით, ჩინეთში, კორონავისურით გარდაცვლილთა რიცხვი 1350-მდე გაიზარდა. დაინფიცირების დადასტურებულმა შემთხვევებმა კი, მსოფლიოს მასშტაბით, 46,550-ს მიაღწია.

Print