ქალის ბლოგი
თვითდასაქმებული ქალის ბიზნესი, რომელიც პანდემიას გადაურჩა
48 წლის შორენა ზვიადაძე და მისი და, უკვე მეოთხე წელია მცირე ბიზნესით არიან დაკავებულები. ბორჯომში, კერძოდ ლიკანის ტერიტორიაზე აქვთ სწრაფი კვების ობიექტი, რომელიც საკმაოდ ცნობილი და მოთხოვნადია. თუმცა, აქამდე თუ ყველაფერი კარგად ჰქონდათ აწყობილი, კორონავირუსის პანდემიამ ეს ვითარება რადიკალურად შეცვალა. დროებით დაიკეტნენ კიდეც, როდესაც ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. განახლების შემდეგ კი დიდად მუშაობა არ ჰქონდათ და თვითგადარჩენაზე იყვნენ ორიენტირებული.

„თავიდან იმასაც ვფიქრობდით, რომ თუ მძღოლები არ იქნებოდნენ, ვისზე უნდა გვემუშავა. მაგრამ, იყვნენ პოლიციის, სასწრაფოს, ბანკების, მუნიციპალიტეტის თანამშრომლები, რომლებიც იმ პერიოდში მაინც მუშაობდნენ და შესვენებაზე კვება სჭირდებოდათ. ამ დროს მხოლოდ გამომცხვარებზე გადავედით, ბევრს კი ენატრებოდა სხვა რამეებიც და გვეუბნებოდნენ თქვენი კატლეტები გვინდა, თქვენი სალათები მოგვენატრა და ა.შ. მაგრამ, თითქმის ორ თვეზე მეტი ასე ვიმუშავეთ. გატანის სერვისი გვქონდა. ასევე, არის ისეთი ობიექტები სადაც სტუმრები ჰყავთ და კვებაც სჭირდებათ, ასეთ შემთხვევაში სალათებსაც ვამზადებთ, კატლეტებსაც, მწვადსაც, ქაბაბსაც. ვუწყობთ შემდეგ კონტეინერებში. ყოველთვის არ გვაქვს ეს შეკვეთები ადგილზე მიტანით და როცა გვთხოვენ, ტაქსს ვიძახებთ... არსებული რეკომენდაციებიდან, ყველაზე რთული იყო ჭურჭლის გარეცხვის წესი, რადგან რასაც ითხოვდნენ, 60 გრადუსზე რეცხვა, ფაქტობრივად შეუძლებელი იყო, ხელით ვერ გარეცხავ. ამიტომ, საერთოდ არ ვიყენებდით მრავალჯერად ჭურჭელს, გადავედით ერთჯერადებზე. ისეც ყველაფერი გვაქვს ადგილზე, ყუთები, კონტეინერები, ასევე ჰიგიენური მოხმარების საშუალებები: პირბადეები, ხელთათმანები, ქუდები, სადეზინფექციო ხსნარები, დეზობარიერი და ა.შ.“ - ყვება შორენა ზვიადაძე.




შენობაში მომხმარებლების მიღებაც შესაბამისი რეკომენდაციების და წესების დაცვით ხდება. პირბადით გადაადგილება, დისტანციის დაცვა და ობიექტში შესვლამდე თერმოსკრინინგი, აუცილებელი პროცედურებია.



შორენა იმ პერიოდს ყველაზე რთულად იხსენებს, როდესაც პანდემიამ დროებით სახლში გააჩერა. ამ დროს დებს ცვლილებების შეტანა მოუწიათ საქმიანობაში. თუმცა, იმასაც ყვება, რომ მაქსიმალურად ცდილობდნენ მუშაობის განახლების შემდეგ მომხმარებლებს მორგებოდნენ და ამავდროულად, არ დაეზარალებინათ საკუთარი თანამშრომლები. კადრების შენარჩუნება და მათთვის მინიმალური ანაზღაურების გადახდაც კი პრიორიტეტული საკითხი იყო.

„ამ პანდემიის დროს მაქსიმალურად ვეცადეთ, რომ დასაქმებულები არ დაგვეტოვა უსამსახუროდ. 3-3 ან 4-4 დღით ისე ვამუშავებდით, რომ გადასახადი მაინც გადაეხადათ. ერთ თანამშრომელს, პანდემიის დროს ვეცადე რომ სახელმწიფოს 200 ლარიანი დახმარება მიეღო, შვილი სტუდენტი ჰყავს და ის თანხა მაინც გამოადგება. ხანდახან ვცდილობ, სადღესასწაულოდ საჩუქრებით გავახარო. ელემენტარულად რაც შემიძლია, აუცილებლად ვაკეთებ. თუმცა, ის ორი თვე მართლა ძალიან გაგვიჭირდა. იმ ზარალს რაც პანდემიამ მოგვაყენა, ვეღარაფერი აანაზღაურებს, სეზონი ჩავარდნილია და მორჩა. სერიოზულად დაზარალდნენ ისინიც ვინც ბინას აქირავებდნენ, სასტუმროები ააშენეს და დამსვენებლებს ელოდებოდნენ. სახლი აღარც მე გამიქირავებია, მხოლოდ ერთი ოჯახი მყავდა, ისიც ნაცნობი. ამ ბიზნესშიც იკლო ხალხის რაოდენობამ. კვების ობიექტში კი დილაობით 8-ის ნახევარზე მუშაობის დაწყების გრაფიკი არ შევცვალეთ, რადგან, ჩვენ ხომ სამარშრუტო ტაქსებზეც ვართ დამოკიდებული და მგზავრი, რომელიც მოდის და ნახევრად სძინავს, გვინდა რომ ყავა დავახვედროთ. საღამოზეც, 10-ის ნახევრიანია ბოლო რეისი რაც მოდის. მიუხედავად იმისა, რომ მაქსიმალურად მოვერგეთ მომხმარებლების მოთხოვნებს, რეალიზება მაინც გაგვიჭირდა. აქამდე თუ დილის 9 საათზე უკვე „შემოსევა“ ჰქონდა, ახლა ასე აღარ არის. ზოგჯერ საღამოს 10 საათზეც უკვე სახლში მივდივართ, ნაცვლად 12 საათისა“ - შორენა.





გარდა ამისა, შორენას მსგავსი მეორე ობიექტის გახსნაც უნდოდა ბორჯომში. კორონავირუსის პანდემიამ კი ეს გეგმები თვითდასაქმებულ ქალს ჩაუშალა. კრიზისული ფინანსური მდგომარეობის ფონზე ვეღარ გარისკა და არსებულის იმედად დარჩა.

„ვფიქრობდი მეორე ობიექტის გაკეთებასაც, რადგან ქალაქის ცენტრამდე აქ ამოსვლა უჭირთ ხოლმე. ძალიან ბევრი გვეუბნება, აუ რატომ ქალაქის ცენტრში არ ხართ, მეორე ობიექტიც გააკეთეთ... ზოგჯერ, თვითონ ამხანაგები ეძებენ, რომ აი იქ ფართი გათავისუფლდა და წამო რაა, იქირავე, მაგრამ იმდენად ძვირია რომ ვერ ვრისკავ. ამჟამად, ბორჯომში დაახლოებით ოთხი ობიექტი არის დაკეტილი და შემიძლია ვიქირავო, მაგრამ იმ ქირის გადახდის უკვე მეშინია. ეს ობიექტი კი იმდენად ცნობადია, ერთხელ კაცი ჩამოვიდა ესპანეთიდან და მითხრა იქ მასწავლეს თქვენი ობიექტიო და რადგან უკვე ყველამ იცის, ამის აღარ მეშინია. იმდენი მაინც იქნება, რომ პურის ფული მივიტანოთ ოჯახში და ბევრს ისეც არ ვითხოვთ. ოღონდ ამაზე უარესი ნუღარ იქნება და რაც ახლა გვაქვს, ამისიც მადლობელი ვარ უფლის“ - ამბობს შორენა.




არსებული კვების ობიექტის საერთო ფართობი 100 კვარდატამდეა და თვეში ქირის საფასურს 500 ლარს იხდის. მიუხედავად იმისა, რომ კვების ობიექტი ქალაქის გარეუბანში აქვს, ყველასთვის მაინც კარგად ცნობილი და საყვარელი ადგილია. იმისათვის, რომ მომხმარებლებისთვის პოპულარული გამხდარიყო ეს ობიექტი, ამისთვის შორენამ და მისმა დამ ბევრი იმუშავეს. ამბობს, რომ სტყმართმოყვარეა და ეს ეხმარება საქმის კარგად წარმოებაში.

„სტუმარი ძალიან მიყვარს და ძირითადად კვების ობიექტებში ვმუშაობდი, საზღვარგარეთაც და საქართველოშიც. სხვასთან დიდხანს მუშაობის შემდეგ, ბოლოს გავრისკე და გადავწყვიტე ჩემი ობიექტი გამეკეთებინა. ზოგადად, ამ ადგილს ასეთი აქტიური ობიექტი სჭირდებოდა ყოველთვის. მანამდე მეც ბევრჯერ დამჭირვებია და სულ ვნატრობდი რომ ყოფილიყო ასეთი ობიექტი. შემდეგ კი გადავწყვიტე მე თვითონ გამეხსნა. ფული არ მქონდა, თუმცა ბიზნესი ვალით დავიწყე, 20 ათასიანი სესხი ავიღე მაშინ, მაგრამ გაამართლა, რადგან, ისე ვღებულობ ხალხს აქაც, როგორც სახლში და ეს მოქმედებს მათზე. სად რომ უხეშად შეხვდები და არც დაელაპარაკები და სად რომ თბილად მიიღებ და ხან წვენზე დაპატიჟებ, ხან ყავაზე. მომხმარებლებს ეს მოსწონთ. გარდა ამისა, ფასებიც ხელმისაწვდომი გვაქვს ბავშვისთვის, მგზავრისთვის, დამსვენებლისთვის. დილით როცა ყველაფერი დაკეტილია და ტურისტს სურს ყავა მიირთვას, ჩვენ ვთავაზობთ კარგი ხარისხის ყავას. ხშირად ყოფილა ისე, როცა ვარძიაში ან სადმე მიდიოდნენ, დილით ადრე გამოვიდნენ სასტუმროდან საუზმის გარეშე და აქ მიურთმევიათ. დრო და დრო, საკმაოდ პოპულარული გახდა ჩვენი სწრაფი კვების ობიექტი, მგონი მთელი მსოფლიო იცნობს უკვე ამ ადგილს. ლიკანში წყაროსთან მანქანა რომ არ გაჩერდეს, არ არსებობს. ვფიქრობ, ამ ადგილზე ეს ობიექტი არის ძალიან დიდი გამართლება“ - შორენა.





საქმე რთული და შრომატევადია, თუმცა როგორც უფროსებს, მუშაობა არ ეზარებათ და დებს ფუნქციებიც და გრაფიკიც გადანაწილებული აქვთ. დილით მისი და მუშაობს, შემდეგ კი შორენა ცვლის. შორენას და ძირითადად ფიზიკურად იტვირთება და ურჩევნია ამ კუთხით იმუშაოს, თავად შორენას კი ფინანსური საკითხების მოგვარება უწევს. სწორედ ამ კვების ობიექტის შემოსავლებით არჩენენ დები თავიანთ ოჯახებს და ობიექტში დასაქმებულებს. რაც შეეხება მენიუს. თავიდანვე დატოვეს მხოლოდ ის კერძები, რომლებიც ყველაზე მეტად იყიდებოდა და რაზეც ხალხის მოთხოვნა იყო.



„ბევრი რამ ვცადეთ, გვინდოდა ძვირიანი კერძებიც გვქონოდა, ვსინჯეთ მაგრამ არ გაიყიდა. აქ გათვლილია იმ სეგმენტზე, რომ იაფად მიირთვას ხალხმა. მგზავრები მაგალითად ძირითადად გამომცხვარს ყიდულობენ. შესაბამისად, რომელმაც გაამართლა ისინი დავტოვეთ, ორი მაიონეზიანი სალათია, ორი ზეთიანი სალათი, ყოველთვის არის მოთხოვნა კატლეტსა და პიურეზე, ძალიან მოსწონთ ჩვენი კიევური და კორდონ ბლუდე, ეს იმ ძვირიანებიდან არის და დარჩა, ასევე შემწვარი ქათამი და ოსტრი. ეს ის ძირითადია, რაც მუდმივად გვაქვს და დანარჩენს შეკვეთის მიხედვით ვცვლით. როდესაც მომხმარებელი აქ შემოდის, პირველ რიგში ხედავს სისუფთავეს და ეს მოსწონს, სურვილი უჩნდება რომ კიდევ გვესტუმროს.. მიხარია რომ გვიფასდება. ძალიან საამაყო და საპასუხისმგებლოა ის, რომ ბორჯომშიც და ყველგან გვიცნობენ მომხმარებლები, მოდიან და ჩვენთან აკეთებენ არჩევანს. ბევრს ისიც კი უკვირს, რომ დილის 8 საათზე ლუდს რომ გამოვიღებთ მაცივრიდან, არის ცივი. ეს იმიტომ რომ მთელი ღამე ჩართულს ვტოვებთ მაცივარს და არ ვთიშავთ. მე ვმუშაობ ხარისხზე. მირჩევნია ნაკლები შემოსავალი დამრჩეს, მაგრამ მქონდეს ხარისხიანი პროდუქცია, ვიდრე უხარისხო გავყიდო და მეტი მოგება ვნახო. სწორედ ამას ხედავს ხალხი და მეც ეს მიხარია, რომ ამას ამჩნევენ. ხედავს როგორც ბორჯომელი, ასევე დამსვენებელი“ - შორენა.




იგივეს ამბობს მომხმარებელიც. მძღოლები და მგზავრები რომლებიც ამ გზაზე ხშირად მოძრაობენ და შორენას კვების ობიექტის ხშირი სტუმრები არიან, ამბობენ რომ აქ ხვდებათ სისუფთავე, ხარისხი და რაც მთავარია კარგი მომსახურება.

„ყოველ გავლა-გამოვლაზე აქ ვაჩერებ და ძალიან მომწონს. პირველ რიგში, სისუფთავეა და ხარისხიანი პროდუქტი. ძალიან კარგი ადამიანები არიან და კარგი მომსახურება აქვთ. მარშუტკების უმრავლესობა აქ ჩერდება და მძღოლებიც კმაყოფილები ვართ და მგზავრებიც“ - ამბობს სამარშრუტო ტაქსის მძღოლი გია ჩილაშვილი.



რაც შეეხება სამომავლო გეგმებს. შორენას ამ ეტაპზე პერსპექტივებზე საუბარი უჭირს და ამბობს, რომ ჯერ-ჯერობით მხოლოდ იმედით ცოცხლობს.

"ადამიანი იმედით ცოცხლობს და მე ზოგადად ძალიან ოპტიმისტი ვარ. როცა რამე პრობლემა მაქვს, არ მინდა იმაზე ვიფიქრო. ალბათ რაღაცას ვიზამ. კომენდანტის საათი რომ იყო და სახლში დავჯექით ის პერიოდი, კი იყო რთული... მაგრამ იმაზე ვფიქრობდი, რომ ოდესღაც ხომ დასრულდებოდა და გავაგრძელებდით მუშაობას. ესეც გადავიტანეთ“...



Print E-mail
FaceBook Twitter
ამავე კატეგორიაში
ხატია კაკაჩაშვილი, ერთადერთია
სამცხე-ჯავახეთის რეგიონში, ვინც ბავშვებისთვის კარვებს
კერავს.
09:46 / 25.11.2020
ხატია კაკაჩაშვილი, ერთადერთია სამცხე-ჯავახეთის რეგიონში, ვინც ბავშვებისთვის კარვებს კერავს.
სურამში მცხოვრები მზია ჯოგლიძე 16
წელია ნაზუქებს აცხობს და ყიდის. საოჯახო ბიზნესი შემოსავლიანი იყო
იქამდე, სანამ რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთზე საერთაშორისო პროექტი
დაიწყებოდა.
11:14 / 27.10.2020
სურამში მცხოვრები მზია ჯოგლიძე 16 წელია ნაზუქებს აცხობს და ყიდის. საოჯახო ბიზნესი შემოსავლიანი იყო იქამდე, სანამ რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთზე საერთაშორისო პროექტი დაიწყებოდა.
ადამიანები ცდილობენ გაექცნენ აქაურ
სიდუხჭირეს და როდესაც საქართველოს „ზღურბლს“ გასცდებიან, სხვა
რეალობის წინაშე დგებიან.
22:59 / 23.10.2020
ადამიანები ცდილობენ გაექცნენ აქაურ სიდუხჭირეს და როდესაც საქართველოს „ზღურბლს“ გასცდებიან, სხვა რეალობის წინაშე დგებიან.
ბორჯომიდან 31 კილომეტრი უნდა
გაიაროთ და სოფ. საკირის გავლით „კოდიანის“ მთაზე მოხვდებით. აქ
თითქმის ყველა სახლი
13:59 / 05.10.2020

ბორჯომიდან 31 კილომეტრი უნდა გაიაროთ და სოფ. საკირის გავლით „კოდიანის“ მთაზე მოხვდებით. აქ თითქმის ყველა სახლი

მაშინ როცა შუაღამეა და ქალაქს
სძინავს არიან ადამიანები, რომლებიც იღვიძებენ და სამუშაოდ მიდიან
იმისათვის, რომ საკუთარი ქალაქი სუფთა და მოწესრიგებული იყოს.
10:15 / 26.09.2020
მაშინ როცა შუაღამეა და ქალაქს სძინავს არიან ადამიანები, რომლებიც იღვიძებენ და სამუშაოდ მიდიან იმისათვის, რომ საკუთარი ქალაქი სუფთა და მოწესრიგებული იყოს.
კვირის პოპულარული სიახლე
ახლა ვიმყოფებით საპატრიარქოში, ველოდებით გადაწყვეტილებას - დეკანოზი იოანე ხეცურიანი
ამ წუთებში საპატრიარქოში ბორჯომისა და ბაკურიანის ეპარქიის სასულიერო პირები პატრიარქს ხვდებიან. შეხვედრაზე გადაწყდება როდის და როგორ მოხდება მეუფე ლაზარეს დაკრძალვა.
11:50 / 20.11.2020
დღის ამბები
➡ მოახლოებული ზამთრის სეზონი და გაურკვევლობა ბაკურიანში
19 ინფიცირებული ბორჯომში და გარდაცვლილი 34 წლის კაცი ახალციხეში.
სასტუმროები
ოთხ ვარსკვლავიანი სასტუმრო ,,გოლდენ ტულიპი" ,,ფირუზას" სახელით ცნობილ ისტორიულ შენობაშია განთავსებული.
საოჯახო სასტუმრო ,,გრიმის ვილა“ ბორჯომის ცენტრში, ფიროსმანის ქუჩაზე მდებარეობს.
ინტერაქტივი
ბორჯომსა და მის სოფლებში მიმდინარეობს საზოგაო ინფრასტრუქტურის, წყლის სისტემის, სკვერების, დასასვენებელი სივრცეების და საფეხბურთო მოედნების მოწყობა-განახლება.
საქმიანობა კონტროლს მიღმა, კვალიფიკაციის დაბალი დონე, დაბნეული და უკმაყოფილო ტუსრისტი, დამახინჯებული ისტორიები და ქვეყნის დაზარალებული იმიჯი,
ვალუტა
EUR
EUR
1
3.9424
GBP
GBP
1
4.4180
TRY
TRY
1
0.4164
USD
USD
1
3.3138
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.