ახალი ამბები
ბორჯომში საკემპინგე ზონა მოეწყობა
ბორჯომში, პლატო-სადგერის ტერიტორიაზე, ე.წ. საკემპინგე ზონა ეწყობა. ტურისტებს საშუალება ექნებათ იპიკნიკონ და კარვებში ღამისთევით დარჩნენ. ტურისტული ზონის მოწყობა ამჟამად მიმდინარეობს და უახლოეს პერიოდში დამთავრდება სამუშაოები. პროექტის დასრულების შემდეგ, აღნიშნული ინფრასტრუქტურა ეროვნულ სატყეო სააგენტოს გადაეცემა და მისი მმართველობის ქვეშ იქნება. სწორედ ამ უწყების გადასაწყვეტი იქნება, დაწესდება თუ არა კონკრეტული ტარიფები მომხმარებლებისთვის, საკემპინგე ზონით სარგებლობისათვის.

პროექტს, რომლის სახელწოდებაა „ტყის მრავალფუნქციური გამოყენების პოპულარიზაცია და დანერგვა ბორჯომის მუნიციპალიტეტში“ , ახორციელებს სახეობათა კონსერვაციის სამეცნიერო კვლევითი ცენტრი „ნაკრესი“, „სამცხე-ჯავახეთის მედია ცენტრთან“ პარტნიორობით ეკო-გრანტების პროგრამის ფარგლებში. ეკო-გრანტების პროგრამა ინიცირებული და დაფინანსებულია BP -ისა და მისი პარტნიორების მიერ ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის და სამხრეთ კავკასიის გაზსადენის პროექტების ფარგლებში. პროგრამის განმახორციელებელი პარტნიორია კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი, სი-თი-სი.
Print