ახალი ამბები
ბორჯომსა და ხაშურში სამი უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებთან ერთად, ხაშურისა და ბორჯომის მუნიციპალიტეტებში 3 უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს.

ქალაქ ხაშურსა და ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხცისში 2 დაურეგისტრირებელი სახერხი საამქრო დაილუქა.

ქალაქ ხაშურში, უკანონო სახერხ საამქროსთან ერთად, მოქალაქეს საკარმიდამო ეზოში განთავსებული იყო წიწვოვანი სახეობის 11 ერთეული დაუფირნიშებელი მრგვალი ხე-ტყე (მორი). სოფელ ხცისში, მოქალაქეს საკარმიდამო ეზოს მიმდებარე ტერიტორიაზე, ასევე განთავსებული იყო წიწვოვანი სახეობის 9 ერთეული მორი, 15 ერთეული ნახევრად დამუშავებული მორი, 2 კუბური მეტრი მოცულობის პირველადი გადამუშავების პროდუქტი (ფიცარი, ძელაკი) და 100 ერთეული ე.წ. პადონი.


ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარდევანში, ლენტური ტიპის სახერხ საამქროსთან ერთად, გამოვლინდა წიწვოვანი სახეობის 10 ერთეული დაუფირნიშებელი მორი და 5,60 კუბური მეტრი მოცულობის ფიცარი.


ვინაიდან სამივე ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა.


გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2022 წელს, ქვეყნის მასშტაბით, 70 არარეგისტრირებული სახერხი საამქრო გამოავლინეს. ასევე, გამოვლენილია სახერხი საამქროების მიერ ტექნიკური რეგლამენტის დარღვევის 525 ფაქტი. დეპარტამენტი აქტიურად აგრძელებს ბრძოლას უკანონო ტყითსარგებლობის წინააღმდეგ და თითოეულ სამართალდარღვევაზე შესაბამის რეაგირებას მოახდენს.
Print