ახალი ამბები
ბაკურიანში მთავრობის შეზღუდვები ძალაში რჩება
დღეს, 4 თებერვალს მთავრობამ ქვეყანაში მოქმედი შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნის გეგმა დააანონსა, თუმცა მათ შორის ვერ მოხვდა ზამთრის კურორტები, რის გახსნასაც სექტორი რამდენიმე კვირაა ითხოვს.
მთის კურორტებზე პანდემიასთან დაკავშირებული შეზღუდვები ძალაში რჩება. ვიცე-პრემიერ მაია ცქიტიშვილის განცხადებით, სტაბილური დინამიკის შემთხვევაში, სხვა შეზღუდვების მოხსნაც განიხილება.

ვიცეპრემიერის, მაია ცქიტიშვილის განცხადებით, ამ ეტაპზე ზამთრის კურორტები ვერ ამუშავდებოდა, მეტიც, ამბობს, რომ ძალიან ბევრ ქვეყანაში ზამთრის კურორტები გაჩერებულია. თავად სექტორის წარმომადგენლები კი ამბობენ რომ თუ მთავრობამ მარტამდე არ მიიღო გახსნის გადაწყვეტილება, შემდეგ დაგვიანებული იქნება, რადგან ზამთრის სეზონი კურორტებზე მარტის ბოლომდე გრძელდება.

“შეზღუდვები ჯერ კიდევ საჭიროა. შესაბამისად, ამ ეტაპზე ზამთრის კურორტებთან მიმართებით შეზღუდვები ვერ შემსუბუქდება. რაც შეხება კერძო ბინებში დამსვენებლის ჩასვლას, კერძო მესაკუთრეს ვერ აუკრძალავ საკუთარ ბინაში ჩასვლას და დასვენებას. თქვენ ასევე უნდა ნახოთ სხვა ქვეყნების პრაქტიკაც. ნახავთ რომ პრაქტიკულად ყველა ქვეყანაში, ძალიან იშვიათი გამონაკლისების გარდა, ზამთრის კურორტები არც ამ სეზონზე ფუნქციონირებენ და შეზღუდვები კი არ მსუბუქდება ზამთრის კურორტებზე, პირიქით ხანგრძლივდება ყველა იმ ქვეყანაში, სადაც ეს კურორტები ნამდვილად წარმოადგენენ მათი ქვეყნის ეკონომიკის დიდ ნაწილს,”-აცხადებს ცქიტიშვილი.

შეგახსენებთ, რომ მთავრობის გადაწყვეტილებით ბაკურიანსა და ზამთრის ყველა კურორტზე საბაგიროები დაკეტილია.



Print