ახალი ამბები
აბასთუმანში ობსერვატორიასთან გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია
აბასთუმანში, ობსერვატორიის მიმდებარედ, გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია. შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, დამწვარია წიწვოვანი ტყის ქვედა საფარი. ადგილზე მონიტორინგის მიზნით რჩება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ჯგუფი 10 მეხანძრე-მაშველის შემადგენლობით.


დაბა აბასთუმნის მიმდებარედ ბოლო დღეებში ტყის ხანძრის მეორე შემთხვევა დაფიქსირდა. დაბაში მუშაობას იწყებს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო კრიმინალისტიკური დეპარტამენტის სახანძრო ექსპერტები, ხანძრის ადგილის შესასწავლად და გამომწვევი მიზეზის დასადგენად. ექსპერტები არ გამორიცხავენ ცეცხლის ხელოვნურად გაჩენას, რადგან ბოლო სამ დღეში ორჯერ გაჩენილ ხანძარს წინა ღამით ძლიერი წვიმა უსწრებდა.


აბასთუმანთან ხანძრის ახალი კერა 15 ივნისს დილის საათებში გაჩნდა. ადგილზე მობილიზებული იყო 5 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი და 50-მდე მეხანძრე-მაშველი და დაიწყო ხანძრის ქრობითი სამუშაოები.


მომხდარ ფაქტზე საქმე დაწყებლია სსკ-ს 187-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.
Print