ახალი ამბები
საკანონმდებლო ცვლილებები ივანიშვილის დაკვეთით ჩავარდა-ლევან კობერიძე
„ქართულმა ოცნებამ“ და კონკრეტულად ბიძინა ივანიშვილმა „გადააგდო“ მოსახლეობა - ასე ეხმაურება დამოუკიდებელი დეპუტატი ლევან კობერიძე პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებულ საკონსტიტუციო ცვლილებების ჩაგდებას.
ლევან კობერიძე აცხადებს, რომ დეპუტატების ნაწილმა საკანონმდებლო ცვლილებები "ქართული ოცნების" თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის დაკვეთით ჩააგდეს.

„ესაა სპექტაკლი, რომელიც რეალურად ბიძინა ივანიშვილმა გამართა. ისეთმა დეპუტატებმა არ დაუჭირეს ამ კანონპროექტს მხარი , რომელთაც მე მგონი წარმოდგენაც არ ჰქონიათ პროპორციული სისტემა რით განსხვავდება მაჟორიტარულისგან. არასდროს არ დაუფიქსირებიათ თავისი აზრი.

ეს იყო კონკრეტული დავალება ბიძინა ივანიშვილისგან და მათ ეს დავალება უბრალოდ შეასრულეს და მივიღეთ ჩვენ ის, რომ როდესაც იყო მთლიანად საზოგადოების კონსოლიდირებული მოთხოვნა 2020 წლიდან პროპორციულ არჩევნებზე გადასვლასთან დაკავშირებით პრაქტიკულად „ქართულმა ოცნებამ“ და კონკრეტულად ბიძინა ივანიშვილმა „გადააგდო“ მოსახლეობა“,- აცხადებს კობერიძე.

შეგახსენებთ, პარლამენტმა საარჩევნო სისტემის ცვლილებასთან დაკავშირებით საკანონმდებლო ცვლილებები პირველი მოსმენით ჩააგდო. პლენარულ სხდომაზე რეგისტრაცია 141-მა დეპუტატმა გაიარა. პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას პირველი მოსმენით 101-მა დეპუტატმა, მათ შორის ოპოზიციონერმა დეპუტატებმა დაუჭირეს მხარი. წინააღმდეგ კი 3 დეპუტატი წავიდა, თუმცა კვორუმი 113 ხმა იყო, რის გამოც კანონპროექტი ჩავარდა.
Print