არჩვნები 2020
"ქართული ოცნება" ხელახალ არჩევნებს არ განიხილავს - კახა კალაძე
"ქართული ოცნება" არ განიხილავს ხელახალ არჩევნებს ან მსგავს საკითხებს, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ პარტიის ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
კალაძემ ოპოზიციასთან დიალოგის ფარგლებში განსახილველ საკითხებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მმართველი გუნდი არ აპირებს დიალოგი იმ მოთხოვნის მიხედვით წარმართოს, რასაც ოპოზიცია აყენებს.

,,დიალოგზე შეთანხმებული წესების მიხედვით მოლაპარაკების საკითხები საჯაროდ, ამ ეტაპზე არ უნდა გახმოვანებულიყო. ამის მიუხედავად ოპოზიციის წარმომადგენლები საჯაროდ საუბრობენ, რომ ისინი არ თანხმდებიან ხმების გადათვლაზე. ამიტომ, ინფორმაცია ცალმხრივი რომ არ იყოს, ჩვენც ვადასტურებთ, რომ მათ უარი განაცხადეს და უარი თქვეს შედეგების გადამოწმების ორივე ფორმაზე - ბიულეტენების გადათვლაზე და ვიდეოჩანაწერების ნახვაზე, რომელიც გამორიცხავდა სპეკულაციებს ე.წ. კარუსელებზე.
როგორც ჩანს, მათი ინტერესი არ არის გაირკვეს სიმართლე და ურჩევნიათ მათივე მოდელირებული, გამოგონილი გაყალბებული არჩევნებით ივაჭრონ.
მიუხედავად ამისა, ვიტოვებთ იმედს, რომ მათი რადიკალური და უსაფუძვლო პოზიცია შეიცვლება და დიალოგი კონკრეტული, ქვეყნისთვის პოზიტიური შედეგით დასრულდება", - განაცხადა კალაძემ.

ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის დიალოგი აშშ-ის საელჩოსა და ევროკავშირის ელჩის ფასილიტატორობით მიმდინარეობს, უკვე გაიმართა ორი შეხვედრა.
პარალელურად ოპოზიცია მმარტველ პარტიასა და ცესკოს არჩევნების შედეგების გაყალბებაში ადანაშაულებს და საპროტესტო აქციებს მართავს.

Print